ინტელექტუალური კონკური – “წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ პირველი სემესტრი ფინალური შეჯიბრებითა და დაჯილდოვებით დასრულდა. კონკურსში ჩართულ თბილისის 40-მდე საჯარო სკოლის, 200-მდე მეათე კლასის მოსწავლეს შორის საკუთესოს სტატუსი 65-ე სკოლამ და მისმა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ტესტის შედეგების მქონე მოსწავლეს ბაკურიანში სამდღიანი საგზური გადაეცათ.
„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული დავით კაპანაძე ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობით მსოფლიო რელიგიების შესახებ ძირეული ცოდნა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა, რაც სამომავლოდ მის წარმატებულობას განსაზღვრავს.
„ეს კონკურსი და ადგილი უფრო მეტი გახდა ჩემთვის, ვიდრე ჩვეულებრივი სასწავლებელი. აქ არათუ შევისწავლე მრავალი ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიების შესახებ, გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც უკვე დიდ როლს ასრულებენ ჩემს ცხოვრებაში და მათთან გატარებული ეს დრო ყოველთვის ბედნიერად გამახსენდება.
“წიგნიერი და პატრიოტი თაობა” ძირეულ ცოდნას გვაწვდის მსოფლიო რელიგიებზე, მათ განშტოებებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა წეს–ჩვეულებებზე. თითოეულ კვირას გამოყოფილი დრო გვყოფნის იმისათვის, რომ სრულად შევიმეცნოთ ყოველივე ეს. ამასთანავე ცოდნის განსამტკიცებლად გვიტარდება ტესტირებები და წარმოვადგენთ ჩვენ მიერ გაკეთებულ პრეზენტაციებს, რაც დიდი გამოცდილებაა მომავლისთვის. რაც შეეხება შეჯიბრებებს , იგი გვაძლევს სტიმულს სწავლისა და გვხდის კონკურენტუნარიანებს. ამ თვისებების ჩამოყალიბება კი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისთვის. ყოველთვის ვურჩევ ჩემს თანატოლებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ბევრი ნამდვილი მეგობარი და დიდი გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ ცხოვრების გზაზე მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება,“-აღნიშნა დავითმა.
კონკურსს “წიგნიერი და პატრიოტი თაობა” დავითიანნის არაფორმალური განათლების ცენტრი ახორციელებს, რომლის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე „თბილისი თაიმსს“ ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე ესაუბრა:
„ჩვენი სასწავლო ცენტრი, უკვე ათწლიანი გამოცდილებით, ძალიან საინტერესო პროექტებს ასრულებს ახალგაზრდებში. პროექტში ჩართულები არიან სკოლის მოსწავლეები. მათ უტარდებათ სხვადასხვა თემებზე ტრენინგები და ლექცია-სემინარები. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რელიგიების ისტორიის სწავლებაა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ საერთოდ საზოგადოებაში.
ჩვენ ვცხოვრობთ ინტერრელიგიურ და ინტერეთნიკურ ქვეყანაში, უამრავი რელიგიისა და ტრადიციის მოქალაქესთან გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა დონეზე და ვფიქრობ, რომ ცოდნა საკუთარი და სხვისი რელიგიის ისტორიისა და კულტურისა, ხელს კი არ შეუშლის ურთიერთობებს, არამედ უფრო წარმატებულს გახდის. ადამიანში ქსენოფობის დასაძლევად და ტოლერანტობის ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო საშუალებაა იმ კუთხით განათლების მიცემა, რომელიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ცოტათი მაინც შეუწყობს ხელს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ტოლერანტობა და დავძლიოთ გაუცხოება.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროექტში ჩართულია განსხვავებული რელიგიის აღმსარებელი მოსწავლეები და არანაირი პრობლემა არ აქვთ მათ თანატოლებთან და სასწავლო პროგრამასთან. აქვე მივუთითებ იმასაც , რომ რელიგიების ისტორიის სწავლება, რელიგიურ უმცირესობებს განსაკუთრებით უნდა აინტერესებდეთ, რადგან უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მათ შესახებ, მათი ისტორიისა და მოძღვრების შესახებ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ობიექტური სწავლება და არა ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, “-აღნიშნა მან.
ბატონმა ნიკამ კონკურსის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა, 65-ე სკოლას გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო:
„წლევანდელი პროექტი ორეტაპიანია, ამავდროულად ის გულისხმობს კონკურსს და მასში ჩართულია თბილისის 40– მდე საჯარო და რამდენიმე კერძო სკოლის 200– მდე მეათე კლასის მოსწავლე.
პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა გაიარეს ტრენინგები და ლექციები რელიგიების ისტორიასა და ფსიქოლოგიაში. ამზადებდნენ პრეზენტაციებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე, წერდნენ ტესტირებებსა და გამოვლინდნენ ფინალისტები, რომელთა შორისაც ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული სკოლა – 65-ე საჯარო სკოლა. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ გამარჯვებას. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამდღიანი მოგზაურობით ბაკურიანში და ძალიან კარგი დროც გაატარეს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვიწყებთ მეორე სემესტრს, სადაც რელიგიების ისტორიის გარდა იგეგმება კიდევ სხვა აქტივობები, ტრენინგები და საინტერესო შეხვედრები, რომელსაც პერიოდულად გავაცნობთ საზოგადოებას. აქვე დავამატებ, რომ მეორე სემესტრში გამარჯვებული გუნდები მოიპოვებენ ტაო–კლარჯეთის საგზურებს.“
გამარჯვებული გუნდის წევრის, დავით კაპანაძის მშობელმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ამ პროექტისა და ზოგადა რელიგიური განათლების როლს ბავშვისთვის სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში.
„ნებისმიერი მშობლისათვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მისი შვილის გონებრივი განვითარება და ზოგადი განათლების მიღება, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა ძალიან სასიხარულოა. რელიგიური განათლება, ჩემი აზრით , განსაკუთრებულად ხელს შეუწყობს ჩემი შვილის წარმატებებს, სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და ზნეობრივ ფორმირებას ცხოვრების გზაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციებში. „დავითიანნი“ არის მისთვის გზამკვლევი სწორად ცხოვრებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამშობლოსა და რწმენის სიყვარულით განმსჭვალული თაობა. აღსანიშნავია, რომ აქ სწავლა ბავშვებისათვის არ ატარებს რუტინულ ხასიათს, დატვირთულია მათთვის სახალისო აქტივობებით, აქვთ საშუალება ურთიერთობისას განუვითარდეთ სოციალური უნარები. ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ჩემმა შვილმა საფუძვლიანად ისწავლა და შეიმეცნა მართლმადიდებლური საწყისები. სწორედ მართლმადიდებელი რელიგია არის ის ფენომენი, რამაც დღემდე მოიყვანა ქართველი ერი და გადაარჩინა სრულ ფიზიკურ და სულიერ განადგურებას. ყოველივე ამისათვის მადლობას ვუხდი პროექტის თითოეულ ორგანიზატორს და ვუსურვებ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდის ჩაბმას, ამ მართლაც რომ ერისათვის მნიშვნელოვან საქმეში.“- აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
საჭიროა თუ არა მოსწავლემ იცოდეს საკუთარი და განსხვავებული რელიგიების ისტორია? როგორ უნდა იქნეს მიწოდებული „რელიგია“ როგორც საგანი სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე რომ გამოირიცხოს სასწავლო დაწესებულებაში ინდოქტრინაციის საფრთხე? უკვე კარგა ხანია, რაც ეს კითხვები საზოგადოებაში საკმაოდ მწავავედ ისმის. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით სამების ლავრის მღვდელმსახურს არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს გავესაუბრეთ:
„თავისთავად, როდესაც ქვეყნის მთავრობის აბსოლიტური უმრავლესობა აღიარებს ღმერთს და სწამს მისი, არც უნდა ჩნდებოდეს კითხვა იმის შესახებ, რომ უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიების ისტორია სკოლებში… მაგრამ ,ზოგადად, რელიგის შესწავლა, როგორც რელიგიის ისტორიისა სხვაა და იმ რელიგიის რომელიც გწამს სხვანაირი შესწავლა უნდა. მითუმეტეს, რომ ეს ევროპაშიც აღიარებული პრაქტიკაა… მაგალითად: ბელგიაში სადმე მიყრუებულ სოფელშიც რომ უნდოდეს ბავშვს სწავლა, თუნდაც მართლმადიდებლური რელიგიისა (რომელიც ბელგიაში ერთ-ერთი სახელმწიფო რელიგიაა), ქვეყანა ვალდებულებას იღებს, რომ გაუგზავნოს იმ სოფელს პედაგოგი და ისწავლოს აღნიშნული რელიგია…
შესაძლებელია სხვადასხვა რელიგიების ისტორია ისწავლებოდეს როგორც საგანი და მეცნიერება, მაგრამ ის რელიგია, რომელსაც აღიარებს მოსწავლე ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ მოხდეს სკოლაში ინდოქტრინაცია სხვა აღმსარებლობის მოსწავლეებისა, ამიტომ მისი შესწავლა უფრო სიღრმისეულად თავად მოსწავლემ ოჯახის, მოძღვრისა და საკუთარი ძალისხმევით უნდა მოახერხოს,“- გვითხრა არქიმანდრიტმა იოანემ.
“წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მეორე ეტაპზე მონაწილე ყველა სკოლის გუნდი განულებული ქულებით დაიწყებს ინტელექტუალურ მარათონს პირველი ადგილის მოსაპოვებლად. გამარჯვებულს კი წინ ტაო-კლარჯეთში მოგზაურება ელის.
სოფიკო ნინიკაშვილი