„ვაპირებთ ავაშენოთ სრულიად ინოვაციური, მეგა ქარხანა,სადაც უმაღლესი ხარისხის საწარმოო ხაზები დამონტაჟდება,“ -განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
ბიზნესმენის თქმით, საწარმოს გაფართოების პროცესი შეთანხმებულია „კოკა-კოლას“ სათავო ოფისთან. სულ მალე 90-იან წლებში აშენებულ შენობას ახალი ინოვაციური საწარმო ჩაანაცვლებს.
„მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად აშენდა „კოკა-კოლას“ შენობა, 25 წელი გავიდა. ბუნებრივია, გაზრდილი მოთხოვნისა და ექსოპრტის შესაბამისად, საწარმოც გაფართოებას საჭიროებს. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ ახალი საწარმოს აშენება.დღეს ჩვენ „კოკა-კოლასთან“ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, იმისთვის რომ გამოვუშვათ ისეთი შეფუთვები და ასორტიმენტი, რომელიც განსხვავებული იქნება ამიერკავკასიის ბაზარზე.“
საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით 10 მილიონი ევროს ინვესტიცია იგეგმება. საწარმოს პროექტზე ფრანგული კომპანია „ჟებო“ მუშაობს. პროექტის შედგენის შემდეგ თემურ ჭყონია მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს, შერჩეულმა სამშენებლო კომპანიამ კი ნატახტარის საწარმო 7 თვეში უნდა ააშენოს.როგორც ქართველი ბიზნესმენი აცხადებს, დიდუბიდან ახალ შენობაში გადასვლის პროცესი 2018 წელს დასრულდება.
ახალ საწარმოში ”კოკა–კოლას” პროდუქციასთან ერთად, თემურ ჭყონია ენერგეტიკული სასმელის Monster-ის წარმოებას დაიწყებს და კავკასიაში აღნიშნული პროდუქტის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდება.საწარმოს გაფართოების გარდა, თემურ ჭყონიას თქმით, 15%-ით იზრდება ენერგეტიკული სასმელის ”Burn” ექსპორტი აზერბაიჯანსა და სომხეთში. როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, პირველი პარტია თებერვალში გაიგზავნება და მისი ღირებულება 200.000 დოლარია.
”მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ Burn-ის საზღვარგარეთ გატანა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამისათვის, კონკრეტულად სარეკლამო მიმართულებით, ენერგეტიკული სასმელების კომპანია Monster თანხას გამოყოფს. თვითონ ენერგეტიკული სასმელი Monster მსოფლიო ბაზარზე RED BULL-ის დიდი კონკურენტია და ჩვენ მათთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რათა აზერბაიჯანსა და სომხეთს Monster ექსკლუზიურად მივაწოდოთ.”
თემურ ჭყონიას თქმით, გარდა ახალი ენერგეტიკული სესმელებისა აპრილში ბაზარზე ახალ წვენებიც გამოვა. სულ მალე გამოჩნდება „კოკა-კოლას“ წარმოებული ალუბლის წვენი, ვიტამინიზირებული სასმელი, ტროპიკი პალმით და ნატურალური წვენი. მისი თქმით, ახალი პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში.
მარიამ ლეკიაშვილი