ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი სწორედ 8 თებერვალს, ძველი სტილით 24 იანვარს გარდაიცვალა და მისი ანდერძის თანახმად გელათის სამხრეთ შესასვლელში დაკრძალეს. სასაფლაო წარმოადგენს ცალკე ნაგებობას (მცირე ეკლესიას), რომელიც მონასტრის ჭიშკარიც ყოფილა, საფლავის ქვას იმგვარი მდებარეობა აქვს, რომ ჭიშკარში შემსვლელი უთუოდ მასზე გადაივლის. ხალხური გადმოცემით, ასეთი ადგილი თითქოს განგებ აირჩია დავითმა თავმდაბლობის გამოსახატავად. ქვაზე ამოკვეთილია ფსალმუნის სიტყვები: “ქრისტე, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, (რამეთუ მთნავს ესე), ამასა დავემკვიდრო მე.” მართალია დღეს დავით მეფის წმიდა ნაწილები აღარ განისვენებს საფლავში, მეთხუთმეტე საუკუნეში ისინი აღმოიყვანეს და გადააბრძანეს ტაძარის საკურთხეველში. ახლა კი მისი წმინდა ძვლების ადგილსამყოფელი უცნობია. თუმცა მომლოცველები დღესაც ასრულებენ წმ. დავით მეფის სურვილს: „ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის“.
მეფე დავით უაღრესად განვითარებული ადამიანი იყო, როგორც გონებრივად, ასევე სულიერად. „აღმაშენებლად“, „კეთილმსახურად“ წოდებული, ქვეყნის გამაერთიანებლი, “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“-ტიტულის მატარებელი დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა- საკუთარი თავი „უსწავლელ“, „მხედრობათა შინა აღზრდილ“კაცად მიაჩნდა, თუმცა, მემატიანის ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული, შეუდარებელი მჭევრმეტყველი და ღრმად მორწმუნე ყოფილა.
ლაშქრობაშიც კი დავითი წმიდა წიგნებს დაატარებდა. ცნობილია ფაქტი, როდესაც „სამოციქულოს“ კითხვას ისე გაუტაცნია, რომ მხლებელთ ჩამოსცილებია და გადაჰყრია თურქთა რაზმს, რომელსაც მარტო გამკლავებია. ერთხელ კი მისთვის ნასროლი ისრისაგან მთავარანგელოზის ხატს გადაურჩენია, რომელიც გულზე ეკიდა.
იგი მოძღვრის კურთხევის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა.
საქართველოს მეფე დავით IV (1089-1125 წწ.) ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი იყო, რომელმაც მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა, ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. საეკლესიო რეფორმის წყალობით შეძლო შეენარჩუნებინა ქართული ეკლესიისთვის სულიერება და ზნეობრიობა.
მისი მეფობისას, გაძლიერების გზაზე მყოფ ხელისუფლებას ეკლესიის მხარდამჭერა სჭირდებოდა, მაგრამ იქ ფეხმოკიდებული იყო ის არისტოკრატია, რომელმაც X-XI ს.ს-ში საეკლესიო თანამდებობები მემკვიდრეობით დაისაკუთრა. სამღვდელოება კეთილსინდისიერად საეკლესიო საქმეებსაც ვერ ასრულებდნენ: მათგან მოედინებოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, ხოლო „წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს,“– წერს ისტორიკოსი. ნიავდებოდა საეკლესიო ქონება, პრობლემური საკითხი იყო მცირეწლოვანთა ქორწინება, ირღვეოდა ხელდასხმისა და მრავალი ქრისტიანული წესი.
ამისი აღმოფხურა და საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება დაისახა მთავარ მიზნად დავითმა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების შესაბამისად შეიმუშავეს საზოგადო განჩინება, რომლის შესრულება სავალდებულო იყო ყევლასათვის. ეს გახლდათ დავით აღმაშენებლის დაკვეთით არსენ იყალთოელის მიერ ბერძნულიდან ქართულზე გადმოღებული ბიზანტიური საეკლესიო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, 14-ტიტლოვანი „ნომოკანონი“, რომელიც საქართველოში „დიდი სჯულისკანონის“ სახელითაა ცნობილი.
თარგმანმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მშინდელი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივ დარეგულირებაზე. ვინაიდან საეკლესიო კრებათა კანონები ქართულად უკვე არსებობდა, ეკლესიაში გამეფებული უწესოების აღმოსაფხვრელად 1103 წელს მეფის ინიციატივით შედგა რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრება, რომლის „ძეგლისწერა“ ანუ საეკლესიო ცხოვრების შინაგანაწესი ხაზს უსვამს ქართული ქრისტიანობის შეუბღალაობას, სიწმინდეს, იმას, რომ კრების მოწვევის მიზეზი და მიზანი სარწმუნოებრივი გადახრა და დოგმატური საკითხების „ძიებანი“ არ ყოფილა, არამედ „სხუათა საეკლესიოთა და სამღუდელოთა და საქრისტეანოთა ძიებათათვის“ ანუ იმ დარღვევების აღმოფხვრა, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი. რეფორმამ განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ღირსეულები.
კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი დადგენილებები:
- ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებდა უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
- ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა.
- ძეგლისწერა კრძალავდა ხელდასხმას ქრთამით, ძღვენით;
- კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შერჩეულიყვნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები იქნებოდნენ საქრისტიანო წესებში, უანგაროდ მოემსახურებოდნენ ეკლესიის საქმეს;
- იკრძალებოდა ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
- იკრძალებოდა მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;
- ძეგლისწერაში დასახელებული იყო ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი;
- განსაკუთრებული იყო სასჯელი სოდომური ცოდვისათვის, რადგან სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენად ითვლებოდა და სხვანი.
კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები.
„მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი მეფე, ადამიანიც კი, რომ ეთქვას: „გულზე დამადგით ფეხი ყოველმან“. ეს მხოლოდ დავით აღმაშენებელს შეეძლო ეთქვა. მისი „გალობანი სინანულისანი“ უდიდეს სულიერ სამყაროს გამოხატავს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან: რა ცოდვა ჰქონდა მეფე დავითს, ასე რომ ინანიებს? საოცარი ის არის, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლდება სულიერად, მით უფრო განიცდის ცოდვებს. წმიდა მეფე განსაკუთრებულად განიცდიდა საკუთარ ცოდვებს და მას ღვთის წინაშე აღიარებდა; ის გრძნობდა, რომ იყო მამა და პატრონი ერისა და მთელი ერის სახელით აღიარებდა ცოდვებს ღვთის წინაშე. ამიტომაც, „უფალმან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა“. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ სისხლი და ხორცი ვართ დავით აღმაშენებლისა, ჩვენში იგივე გენებია, რაც იყო მასში, ჩვენს დიდებულ წინაპარში, მაგრამ ის ნიჭი, ის სულიერება, ის რწმენა, ის სიყვარული, ის თავმდაბლობა, ის სიწმინდე, რომელსაც ვხედავთ მასში, დღეს სრულად არ არის გამოვლენილი ჩვენს ერში და მე დარწმუნებული ვარ, იგი გამოვლინდება,“- ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში.
სოფიკო ნინიკაშვილი