„უკანასკნელ 5 წელში, 200–მდე უნივერსიტეტს შევუჩერეთ ავტორიზაცია, ხარისხის სტანდარტების ამაღლება იწვევს იმას, რომ სულ უფრო მეტი სკოლა ვეღარ „ქაჩავს“ სტანდარტებს“. ბათუმის შაჰინის სახელობის კერძო სკოლისთვის, ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,ალექსანდრე ჯეჯელავამ, „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ბოლო 6 თვის განმავლობაში, ეს არის მეოთხე სკოლა, რომელსაც ავტორიზაცია შეუჩერდა და კიდევ 7 სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე. ეს არის მიმდინარე პროცესი, მოსწავლეების 100 % რომელიც სკოლის გარეშე დარჩა, დაბინავდება ოპერატიულად და მათ აკადემიურ შედეგებს საფრთხე არ შეექმნება. დახურვა არასწორი ზმნაა, ავტორიზაციის შეჩერება არის უფრო სწორი. ჩვენი შემოწმება ყოველთვის ეფუძნება კონკრეტულ შესაძლო დარღვევებს. ამ კონკრეტულ სკოლაში არის მტკიცებულება, რომ სწავლობდნენ თურქული სექტორიდან გადმოსული ბავშვები,რომელბმაც არ იცოდნენ ქართული, აცდენდნენ გაკვეთილებს, გაფორმებული აქვთ დასწრება და ნიშნები იმაში, რაც არ იცოდნენ.
გვქონდა პრემიერთან საუბარი, პირველ რიგში მისი წუხილია, რომ მოსწავლეები არ დაზარალდნენ. ჩვენ ვთავაზობთ კარგ პირობებს, 340 მოსწავლეს დავაბინავებთ. მთელ კლასად გადავიყვანთ სხვა სკოლებში, თუ მეგობრებს ერთად ყოფნა უნდათ. გულდასაწყვეტია, რომ ქართულ სკოლებს რომ ვამონიტორებთ, ამ სკოლით არავინ დაინტერესებულა. ყველა წინა ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ბავშვები ერთ კვირაში დაბინავდნენ. თურქეთის ხელისუფლება მთელ მსოფლიოში ცდილობს და თავის პარტნიორებს ესაუბრება, ბევრგან პირდაპირ ადმინისტრაციული ზომები მიიღეს. ვიცი, რომ ამაზე საუბარი იყო პრემიერის ვიზიტის დროს. თუმცა, ჩვენ ვართ საკანონმდებლო ხელისუფლება, აქ პრემიერი არც არაფერს ხურავს და არც აღებს,“–განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მანანა ღოღობერიძე