„ევროკავშირმა შეიმუშავა შეჩერების მექანიზმი, თუ დაირღვა ის რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია ვიზალიბერალიზაციისას. მთავარია სახელმწიფომ აწარმოოს სწორი კამპანია, რომ, მთელი ქვეყის მოქალაქეები არ დაზარალდნენ“. ვიზალიბერალიზაციისას, შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შემთხვევებზე, ევროკომისიის რეგულაციებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა, ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პანორამას“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არ არის ახალი მექანიზმი, 2013 წლის დეკემბრიდან ძალაშია, თუმცა იყო გაცილებით რთული პროცედურები და არასოდეს იყენებდნენ. ახლანდელი არის მოდიფიცირებული ძველი კანონი. სულ არის 3 პირობა, რომლის შემთხვევაშიც, მექანიზმი ამოქმედდება. თუ 90 დღეზე მეტი ვადით იმყოფებიან ტერიტორიაზე, ან თუ საზღვარზე უარის თქმის რაოდენობა არის დიდი. თუ საქართველოს მოქალაქეები მასიურად დაყოფენ 90 დღეზე მეტს. ევროკომისია არის ორგანო, რომელიც პარლამენტს აწოდებს ინფორმაციას, იცავს თუ არა კონკრეტული ქვეყანა უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს. მეორე შემთხვევა არის, როდესაც დიდია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ეს პრობლემა განსაკუთრებით უკრაინაში იკვეთება, სადაც 2 მილიონზე მეტი არის დევნილი. სავარაუდოდ მათი დიდი ნაწილი მიაწყდება ევოკავშირს.
თუ შესაბამისი ქვეყანა არ ითანამშრომლებს რეადმისიასთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი ასევე ამოქმედდება. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დეპორტაცია და რეადმისია. დეპორტაცია არის, როდესაც პირს აქვს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებლი მოწმობა, რითაც დასტურდება მისი ეროვნება. როცა ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პირის მოქალაქეობა, ის ექვემდებარება დეპორტაციას. რეადმისიისას მოქალაქეები არალეგალურად კვეთენ საზღვრებს, არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერ დგინდება თუ რომელი ქვეყნიდან არიან ისინი,“–განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მანანა ღოღობერიძე