„თემა არის მგრძნობიარე და ფაქიზი, ყველა ჩვენგანი ვითვალისწინებთ თემის სიღრმეების და მისი მნიშვნელობის მასშტაბს, ამიტომ ვუფრთხილდებით მას, ვერ ვამბობთ ყველაფერს რაც ვიცით და არის გარკვეული ბოჭვა, რომ განცხადებებმა არ იქონიოს გავლენა პროცესებზე. ეს იმიტომ არ ხდება, რომ არ ვიცით ან სასაუბრო არ გვაქვს“,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მეუფე პეტრეს დიდი ხანია ვიცნობ, მისი შეფასებების კომენტარი და მათზე რეაგირება არ იქნება კორექტული. მას მძაფრი შეფასებები ჰქონდა, განსაკუთრებთ ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება უწმინდესის განცხადებას, ჩემთვის ღირებულია ყველაფერი ის, რასაც ამბობს და აკეთებს, ამიტომ მისი განსჯის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ.
მამა გიორგი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე ამას სასამართლო განაჩენი არ დაადასტურებს. პრეზუმფცია ამბობს,რომ ყველა უდანაშაულოა, ვისზეც სასამართლო არ იტყვის, რომ დამნაშავეა. დეკანოზს ბრალი აქვს წაყენებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებაში. ინფორმაცია არის, რომ დაკავებული იყო აეროპორტში და ამოიღეს მომწამვლელი ნივთიერება, ეს არის ფაქტები, ის, რაც პროკურატურამ გვითხრა.
მტკიცებულებებს არ გავცნობივარ, მაგრამ მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე ვსაუბრობ. ეს არ არის ვინმეს დადგმული სპექტაკლი, საქმე გვაქვს სერიოზულ საკითხთან, დაველოდოთ პროკურატურის გადაწყვეტილებას. კვალიფიკაცია არის მკვლელობის მომზადება, 108–ე მუხლი. როდესაც პირის დაკავება მომზადების ეტაპზე ხდება, პირველივე დღეს იმის თქმა, ვინ იყო კონკრეტული ადრესატი, დაუშვებელია,“–განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანანა ღოღობერიძე