სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საია-ს იურისტ ქეთევან კრაწაშვილთან ერთად შეიტანა.
როგორც “საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს, რადგან კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
“ჩემთვისაც წაყენებული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არა ცესკო-ს მიერ მოგონილი მოთხოვნები, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტზე ვრცელდება. ამ მოთხოვნებს თავის დროზე დავაკმაყოფილებ, თუ ვიქნები არჩეული პრეზიდენტად. იქამდე, მე დარეგისტრირების უფლება მაქვს და ამ უფლებას ვიყენებ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. იურისტ ქეთევან კრაწაშვილის განმარტებით, სარჩელი აბსოლუტურად დასაბუთებულია.
“საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტობის კანდიდატად ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის რეგისტრაციისთვის არავითარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სარჩელი აბსოლუტურად დასაბუთებულია და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა კრაწაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი 3 სექტემბერს უთხრა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, “საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება, ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა”.
05.09.13