საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. იგი კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. ათეშგა საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა (ათეშ – სპარსულად ცეცხლი, გაჰ– ადგილი, იგივე „ცეხლის საგზებელი“) ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი–ტაძარია; ნაგებობა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ.
ძეგლის კოშკურა ნახევარსფერული გუმბათით, თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა.
სხვადასხვა ისტორიული ცნობისა და მკვლევართა მოსაზრებების მიხედვით, ნაგებობა V-VII საუკუნეებით თარიღდება. ათეშგამ სახე იცვალა საუკუნეთა განმავლობაში.
არსებული მოსაზრების თანახმად, იგი 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ მეჩეთად გადაკეთდა, 1735 წელს, თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთ–ერთად, სწორედ აღნიშნული ნაგებობა მოიაზრება.
1986 წლის 14 ნოემბერს, სსსრ მინისტრთა საბჭოს N° 706 დადგენილებით, „ათეშგას“ განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში მდებარე ძეგლებისთვის, საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები გადამტკიცდა, რის შედეგადაც „ათეშგას“ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა. ხოლო ახალი გადაწყვეტილებით, ამ უძველს საკულტო ნაგებობას ხელახლა განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბეთლემის პროექტის ჯგუფმა, ბეთლემის თემთან ერთად თბილისის ზოროასტრული ტაძარის-„ათეშგას“ დასაცავად აქცია-პრეზენტაცია გამართა. მათ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ საფრთხის შესახებ, რომელიც იქმნებოდა ძეგლის მიმდებარედ, გომის ქ.#1-ში მდებარე ნაგებობაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის გამო. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა, მშენებლობის შეჩერების გარდა იყო, რომ თბილისის ათეშგას მიენიჭებოდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და განსაზღვრულიყო ოფიციალურ დონეზე მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.
სოფიკო ნინიკაშვილი