2010 წელს მიღებული კონსტიტუციის შემდეგ, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტად შედის, კონტრასიგნაციის პრინციპი კანონებშიც შემოდის.
კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტი ძალაში არ შევა.
კონტრასიგაციის პრინციპი კონსტიტუციაში უკვე ჩაწერილია და ახლა კანონმდებლობის კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყობა ხდება. ამ და ასევე პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების მიმართულებით, რაც ასევე ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, პარლამენტში 30-მდე პროექტია ინიცირებული. ახალი ცვლილებები პარლამენტში მომდევნო კვირებშიც შევა.
რაც შეეხება კონტრაციგნაციის თემას, პარლამენტი “საგანგებო მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, გააუქმებს ან მის ვადას გაახანგრძლივებს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. სხვა ნორმატიული აქტებიც და დეკრეტებიც, რასაც პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოსცემს, ძალაში პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემდეგ შევა.
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კონტრაციგნაციით შეძლებს პრეზიდენტის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას. აღნიშნული საკითხი ახლა საარჩევნო კანონმდებლობაში აისახება.
გარდა ამისა, პრეზიდენტს აღარ ექნება რეფერენდუმის საკუთარი ინიციატივით დანიშვნის უფლება. “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილი ხდება რეფერენდუმი პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს, რაც ასევე პრემიერის კონტრასიგნაციას საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეფერენდუმი მთავრობის მოთხოვნით ინიშნება.
პრეზიდენტს არც პლებისციტის დანიშვნის უფლება ექნება. “საარჩენო კოდექსაა” და ასევე “რეფერენდუმის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პლებისციტს დანიშნავს მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლეობის მოთხოვნით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პლებისციტის დანიშვნის ამგვარი წესის შემოღება აზრთასხვადასხვაობის საგანი გახდა უმრავლესობაში. საკითხი შესაძლოა გადაიხედოს.
პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა, მის მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირებისა თუ გაუქმების შესახებ. ზოგადად, პრეზიდენტის მიერ ხელშეკრულებების დადებაც პრემიერის კონტრაციგნაციის საგანი ხდება და შესაბამისს კანონში ცვლილებები ამ მიმართულებითაც შედის.
კიდევ ერთი ცვლილებებით, მართმადიდებლურ ეკლესიასთან კონსტიტუციურ შეთანხებას დადებს პრეზიდენტი, ასევე პრემიერის კონტრასიგნაციით. ამას “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება, სხვადასხვა ორგანოებსა და თანამდებობის პირებზე გადადის.
ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებას და ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას 160-მდე კანონი საჭიროებს. მათ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.
05.09.13