2012 წლის 23 ნოემბერს მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დიდი ალბათობით, დღეს გამოიტანენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მხარეებმა უკვე წარმოთქვეს დასკვნითი სიტყვები.
პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ნაფიც მსაჯულებს დასკვნითი სიტყვის დროს ნაფიც მსაჯულებს ის ვიდეომასალა წარუდგინა, რომელიც მისი მტკიცებით, ბრლადებულების დანაშაულს ადასტურებს. კერძოდ, პროკურორმა, გასული წლის ნოემბერში ავთანდილ ადუაშვილის სახლთან მყოფი წითელი “ნისანის” მარკის ავტომობილის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა. პროკურორის მტკიცებით, ამ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ადუაშვილის სახლთან ჩასაფრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ის ავტომობილი, რომელშიც მკვლელობის შემსრულებლები ისხდნენ და ადუაშვილის თეთრი ფერის “მერსედესის” ჯიპის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. პროკურორის მტკიცებით, თვალთვალის შემდეგ ნაძალადევში განხორციელდა დაჭრის ფაქტი, კერძოდ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კობა ყურუამ ადუაშვილი ცივი იარაღით დაჭრა, მეორე ბრალდებულმა ვლადიმერ ქარცავამ კი ადუაშვილს 7 ტყვია ესროლა.
პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს მთელი სქემა წარუდგინა, რომელიც ბრალდების მხარეს მკვლელობასთან დაკავშირებით გააჩნია. მან ადუაშვილის მკვლელობას 50 000 დოლარად დაკვეთილი მკვლელობა უწოდა.
ამასთან, პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ვერსია გამორიცხა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში მონაწილეობა სამხედრო პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ დაუკვეთა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ქარდავა მკვლელობის პერიოდში საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა და მას კონტაქტის შესაძლებობა საქართველოში მყოფ არც ერთ პირთან არ გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა კანონიერ კონტროლს აწარმოებს სატელეფონო ზარებზე ქარდავასთან მიმართებაში.
ბრალდების მხარის შემდეგ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულების ადვოკატებმა. კერძოდ, კობა ყურუას, ვახტანგ ჩხაპელიას და გელა უბილავას ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს მკვლელობასთან კავშირი არ გააჩნიათ. კიდევ ერთი ბრალდებულის, მურთაზ გერგაიას ჩვენებას, რომელიც გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ადვოკატები ზეწოლის შედეგად მიცემულ ჩვენებას უწოდებენ.
მხარეების მიერ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, პროცესი კამათის ეტაპით გაგრძელდა, რის შემდეგაც, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი უნდა გამოიტანონ. თუმცა, ამისათვის რამდენიმე საათია განსაზღვრული და დიდი ალბათობით, განაჩენი ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს დადგება.
05.09.13
Discussion about this post