„გულუბრყვილოა ვინც ფიქრობს, რომ პირველ მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების უკან წაღება მარტივად ვერ მოხდება. რა თქმა უნდა მარტივად შეძლებენ და ჩვენ ყველა კარს დაგვიკეტავენ. ეს იმდენად მყიფე დოკუმენტია, რომ მისი შერყევა ძალიან მარტივია“. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ საგანგებო ეთერში ისაუბრა.
„დემოკრატიის მარცხის მოწმეები გავხდით, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, მართლმსაჯულება. სასამართლო სისტემა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მოხდა ყველაფერი. მათ შორის დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 6 საათში გამოიტანა.
ჩვენ ხვალვე ვაპირებთ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით განაცხადის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მთელი უზენაესი სასამართლო არის ძალიან დიდი ნაგვის ურნა,სადაც მიიღება არა გადაწყვეტილებები, არამედ სამართლებრივი ნაგავი. ხელისუფლება ამგვარი გადაწყვეტილებით კარგავს ლეგიტიმაციას,“ – განაცხადა ნიკა გვარამმიამ.
მანანა ღოღობერიძე