დღეს, „ქორთიართ მარიოტში“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამოცემული ჟურნალის “წლის წიგნის” პრეზენტაცია გაიმართა.
“წლის წიგნი“ ყოველწლიური ჟურნალია, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მეხუთედ გამოსცემს. პრეზენტაცია კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გახსნა, რომელმაც გასული წლის სეზონი შეაჯამა. წიგნში 2015-2016 წლების სეზონების ყველა მნიშვნელოვანი საკალათბურთო მოვლენაა თავმოყრილი და მას ორგანიზება ფედერაციამ გაუწია პარტნიორ კომპანიებთან და მხარდამჭერებთან ერთად.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე – „ეს არის მეოთხე გამოცემა ჩვენი ბროშურის, სადაც მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია რაც დაკავშირებულია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შარშანდელი სეზონის აქტივობასთან. ჟურნალის ვიზუალური მასალა წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმაში და განსაკუთრებით საინტერესოა სტატისტიკური მასალა, რომლის მოძიება, გარდა საბეჭდი ვარიანტისა, სპორტის გულშემატკივრებს ასევე ჩვენს საიტზეც შეეძლებათ. ძალიან საინტერესო წელი იყო. ბევრი საინტერესო რამ მოხდა ქართულ კალათბურთში და იმედია გაეცნობა ამ ჟურნალს გულშემატკივარი.”
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, თბილისისა და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგებში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერები, ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედია პარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა ვეტერანი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი, რომელსაც დღეს 70 წელი შეუსრულდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი – „მსურს მივულოცო ბატონ გივის იუბილე. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კალათბურთის განვითარებაში და სწორედ ამიტომ მივანიჭეთ სპორტის რაინდის წოდება. ვფიქრობ, ჩვენი სპორტსმენების სათანადო დაფასება, ჩვენი წარსული არის იმის წინაპირობა, რომ შევქმნათ აწმყოც და მომავალიც უფრო წარმატებული.
ყველა კალათბურთელს თავისი დიდი წვლილი მიუძღვის და განსაკუთრებით იმ თაობას, ვინც თავის დროზე დიდება მოუტანეს ჩვენს კალათბურთს. დარწმუნებული ვარ, საკალათბურთო ოჯახის ერთიანობა საწინდარი გახდება იმისა, რომ ჩვენი კალათბურთელები წარმატებულად იასპარეზებენ, როგორც უახლოეს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე შემდგომ ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე.
იმედი მაქვს, ბატონი გივის და ყველა კალათბურთელის ოცნებას გავაჟღერებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ შემდგომში ჩვენი ნაკრები წარმოდგენილი იყოს ოლიმპიურ თამაშებზე.” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა ვატო ნაცვლიშვილმა კლუბის სახელით გივი ბიჭიაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა.
ვეტერან კალათბურთელს იუბილე და ჯილდო სპორტის კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმაც მიულოცა:
„ორმაგად გახარებული ვარ. გივი ბიჭიაშვილის მთელმა საკალათბურთო ცხოვრებამ (და არამარტო) ჩემს თვალწინ გაიარა. ახალგაზრდობაში რეპორტაჟები მიმყავდა პირველ არხზე და როდესაც გივი ბიჭიაშვილს გამოაცხადებდნენ და ის თმას გაისწორებდა, ყველამ ვიცოდით, რომ ბურთი აუცილებლად ჩავარდებოდა. წლების განმავლობაში ლიდერი იყო, ხოლო, როდესაც ის წავიდა, თითქოს მის გუნდს გაუჭირდა. როდესაც გივი კალათბურთის მწვრთნელობის ასპარეზზე გამოჩნდა, ის სწორედაც, რომ პირველი იყო…
გივი, არამარტო კალათბურთში, არამედ ოჯახშიც ყოველთვის გამორჩეული და სამაგალითო პიროვნებაა. მინდა გივის მივულოცო და გისურვოთ, რომ ყველა სპორტსმენისა და კალათბურთელის იუბილე ქართული სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმატებას ასე დაემთხვას.“ – თქვა ჯამლეტ ხუხაშვილმა.
ნინო მაზიაშვილი