„დღევანდელი დღის შემდეგ ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ ექნება მცდელობა დაიქვემდებაროს კრიტიკული მედია და კრიტიკული აზრი. თეორიულადაც გამოვრიცხავ,რომ ხელისუფლებამ გარისკოს და სტრასბურგის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდეს“. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ის რაც მოხდა სტრასბურგში, იძლევა რამდენიმე სერიოზული დასკვნის გაკეთების საფუძველს. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მტკიცებისა,რომ ეს არის ქონებრივი დავა ორ კერძო პირს შორის, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა,რომ ეს ასე არ არის. კერძო დავების შემთხვევაში ევროსასამართლო გადაწყვეტილებებს ამ წესით, ამ ფორმით და ამ შინაარსით არ იღებს.
დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ ხედავს, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც საფრთხე ემუქრება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.
გამოხატვის თავისუფლება დღეს გახლავთ ჩვენი ცხოვრების იმდენად მაღალი ღირებულების მატარებელი ელემენტი, რომ მან საჭიროდ ჩათვალა, მიეღო ისეთივე ზომები, რომელსაც მიიღებდა საფრთხეში, რომ ყოფილიყო რომელიმე ადამიანის სიცოცხლე. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ხელისუფლება არის მხარე. ეს არის ძლიერი დარტყმა საერთაშორისო იმიჯზე. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებამ ასეთი სირცხვილი მოუტანა ქვეყანას,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მანანა ღოღობერიძე