საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა რეგულაციის გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობდა. ევროკავშირი აკვირდებოდა შესრულდებოდა თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტდა.
მას შემდეგ რაც საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა.
მოგვიანებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან.
საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.