„კარგია როცა საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, ორი თაობის კონსტიტუციონალისტებს სათანადო შეფასებას აძლევს პრეზიდენტი, თუმცა ცალკე გამართული ბრიფინგების ნაცვლად, ჯობს მისი წარმომადგენლების საშუალებით მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში“.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ამას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე თავიდან,როდესაც პრეზიდენტის 3 წარმომადგენელი მოიწვია. ეს არის სწორი გზა იმისთვის,რომ წელში გაიმართოს საკონსტიტუციო წესრიგი. საყოველთაო განხილვა იწყება მას შემდეგ, რაც საბოლოო პროექტზე შევთანხმდებით. განხილვის ინიციატორიც არის ის ორგანო, რომელიც კონსტიტუციის მიღებაზე არის პასუხისმგებელი, ანუ პარლამენტი. ეს არ ნიშნავს,რომ ხელს ვკრავთ ვინმეს ჯანსაღი ინიციატივებისთვის, მაგრამ ისინი პირველ რიგში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უნდა გაჟღერდეს. კომისიას ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია, მათ შეუძლიათ გააჟღერონ ინიციატივები“ , –განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ე.წ მოსმენების კანონზე და „რუსთავი 2“–ის საქმეზეც ისაუბრა.
„პარლამენტმა ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით მიიღო ისეთი კანონი, რომ ყველას უფლება იქნება დაცული, მათ შორის ადამიანის პირადი და საზოგადოების უფლება. ეს არის საუკეთესო არჩევანი ყველა იმ შემოთავაზებას და წინადადებას შორის, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, აუცილებლად დავძლევთ.
დავაზე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველო შეეცდება დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და ყველა ის დოკუმენტი და მასალა გააგზავნოს სასამართლოში, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეებმა ნახონ კონკრეტული შინაარსი და გაიგონ სად არის სიმართლე. ეს განცხადება იქნება კიდევ ერთხელ იმის დადასტურება,რომ საქართველო ყოველთვის იმარჯვებს,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე