საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა.
შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა, 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.
სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული, ვინც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა.