ამბობენ, მთავარი არა ადამიანის გარეგნობა, არამედ მისი შინაგანი სამყაროაო, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი პიროვნება გარშემომყოფებზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ თავისი ვიზუალით ახდენს, ვერსად გავექცევით. ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, თავის მოვლა ერთ-ერთი უპირველესია. მათ ნაწილს, შეიძლება მაკიაჟის ხმარება არ ხიბლავდეს, მაგრამ ის ელემენტარული წესები, რომლითაც კანის თუ სახის მოვლა და გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი, ყოველი მათგანისთვის ერთობლ საინტერესოა.
სილამაზე, ცხადია, აღქმადი ცნებაა. ადამიანი, თავდაპირველად, საკუთარი ვიზუალით თავად უნდა იყოს კმაყოფილი, რაც შემდგომ გარშემომყოფებზეც მოახდენს გავლენას. მართალია, სილამაზეს კონკრეტული რეცეპტი არ გააჩნია, მაგრამ ფორმაში ყოფნის მთავარ ნიუანსებისა და თავის მოვლის საშუალებების შესახებ „თბილისი თაიმსს“ ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი – მარიამ წიკლაური ესაუბრა.
კანის მოვლის დაწყება რა ასაკიდანაა რეკომენდირებული?
– ამ კითხვას ძალიან ხშირად მისვამენ. ჩვენი კანი ასაკის მიუხედავად რეგულარულ ზრუნვას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ კანის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნება, კანის შემდგომ არსებულ პრობლემებთან ბრძოლასთან შედარებით უფრო მარტივია. სილამაზის შენარჩუნებაზე კი, უკვე 25 წლიდან აქტიურად უნდა დავიწოთ ზრუნვა. ამ ასაკიდან ორგანიზმში გარკვეული აქტიური პროცესების შენელება იწყება. ცუდი ეკოლოგია, არასწორი კვება, სუფთა ჰაერის ნაკლებობა, სტრესი, მავნე ჩვევები, კომპიუტერული დასხივება – ეს ყველაფერი კომპლექსურად კანის გაუწყლოვანებასა და დაბერებას იწვევს, რის შედეგადაც, პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება.
მომართვიანობა როგორია? მამაკაცები კოსმეტოლოგს რამდენად მიმართავენ?
– ადამიანების უმრავლესობას სურს, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. დღეს კოსმეტოლოგთან სიარული ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც სტომატოლოგთან ან ნებისმიერ სხვა ექიმთან ვიზიტია. ასე რომ, მინდა ავღნიშნო, რომ ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება მამაკაცებს, მათი ძირითადი შემაწურებელი პრობლემა-თმის ცვენაა, რასაც მეზოთერაპიისა და პლაზმოთერაპიის მეშვეობით აქტიურად ვებრძვით.
კლიენტებს უმეტესად რა ჩივილები აწუხებთ?
– სიმშრალე, გამონაყარი, პიგმენტური ლაქები, ტუჩის ფორმა, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ოვალისა და ელასტიურობის დაკარგვა.
სახის გაწმენდის პროცედურა რამდენად ეფექტურია, ნებისმიერი კანის შემთხვევაში თუ არის რეკომენდირებული?
– სახის გაწმენდა კანის გაახალგაზრდავების ან მკურნალობის პროგრამების განუყოფელი ელემენტია. ეს ძალიან პოპულარული პროცედურაა, რომლის ეფექტურობა წმენდის სახეობაზე (მექანიკური, აპარატული, ქიმიური, ულტრაბგერითი, ვაკუუმით), ინტენსიობა კი კანის ტიპზეა დამოკიდებული.
სახლის პირობებში როგორ შეიძლება მოვუაროთ კანს?
– სახლის პირობებში კანის მოვლა ყველაზე მთავარი ეტაპია, რადგან კოსმეტოლოგთან რა პროცედურებზეც არ უნდა დადიოდეთ თუ კანს ყოველდღე სათანადოდ არ მოუვლით, მათი ეფექტი მალევე გაივლის. უმჯობესია გამოიყენოთ პროფესიული კოსმეტიკური ხაზი, რომლის არჩევაში კოსმეტოლოგი თქვენი კანის ტიპის და პრობლემიდან გამომდინარე დაგეხმარებათ.
ყველაზე მეტად 3 პუნქტს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
1) 22 წლიდან თვალების ქვეშ კრემის წასმაა აუცილებელი. თვალის კანი ძალიან თხელი და მშრალია, მას დაცვა და დატენიანება სჭირდება. თვალქვეშ ხშირად შეშუპება ჩნდება . ამ შემთხვევაში კანი გადაჭიმულია, რაც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.
2) კრემის წასმა დღეში 2-ჯერ არის რეკომენდირებული. დილით უმჯობესია საცხის მცირე რაოდენობა სველ კანზე დაიტანოთ, საღამოს კი, უფრო მეტი რაოდენობით წაისვათ, თანაც მშრალ კანზე.
3) სახის კანის სწორი დაბანა – წყალი უნდა იყოს აუცილებლად თბილი. ცხელი წყალი კაპილარებს აფართოებს და ცხიმიანობას იწვევს . ცივი წყალი კი, პირიქით, სისხლძარღვებს ავიწროვებს და აშრობს კანს.
ხშირად ხდება, რომ სახის კანის დაზიანებას თავად ჰიგიენური საშუალებები უზრუნველყოფს. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– სრულიად გეთანხმებით. ხშირ შემთხვევაში, კანის ნაადრევი დაბერების ან გამონაყარის მიზეზი, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებებია.
ქალებში სახიდან თმის საფარის მოშორების პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურია. ეპილაცია რამდენად ამართლებს, და ზოგადად, ყველაზე ეფექტური პროცედურა რომელია?
– ამ პრობლემის გადასაწყვეტად 3 მეთოდი არსებობს: ლაზერული, ფოტო და ელექტრო ეპილაცია. პროცედურის ტიპი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: კანის ფოტოტიპი, თმის ფერი, პაციენტის ჰორმონალური ფონი და სხვ.
ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, ხშირად უჩივიან უხარისხო, მტვრევად ფრჩხილებს. რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ?
– მტვრევადი ფრჩხილების პრობლემა გამოწვეულია გარე – (ქიმიური ხსნარები, უხარისხო ლაქი) ან შინაგანი (მიკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობა, ჰორმონალური დარღვევები) ფაქტორების ზემოქმედებით.
რაც შეეხება რეკომენდაციებს:
- აუცილებლად გამოიყენეთ ხელის კრემი და ზეთები (ნუშის ან გულყვითელას ზეთი).
- ლაქის მოსაცილებელი ხსნარი არ უნდა შეიცავდეს აცეტონს, რადგან ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ფრჩხილებზე.
- საჭიროა ჯანსაღი კვება, უნდა მიიღოთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარისი რაოდენობა.
- სასურველია ხელის აბაზანები ზღვის მარილით.
რას ურჩევთ ქალებს, როგორია თქვენეული სილამაზის რეცეპტი?
– დალიეთ წყალი, შეარჩიეთ სწორი მოვლის პროგრამა და გაიღიმეთ.
ნინო ზარიძე