„მაჟორიტარული სისტემა ჩვენთვის მიუღებელია არა იმიტომ, რომ თავისთავად მაჟორიტარული სისტემა ცუდია. შემოთავაზებული ვერსია ტოვებს იმ უსამართლობას, რაც მაჟორიტარულ სისტემას ახასიათებს. მანდატების განაწილების ეს წესი არ ასახავს საზოგადოების განწყობებს“. პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარჩევნო სისტემაზე და პარტიული ბლოკების დადებით და უარყოფით მხარეებზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მიხეილ ბენიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„მაჟორიტარული სისტემის გამოყენება პარალელურად პროპორციულ სისტემასთან ერთად, იწვევს იმას, რომ როგორც წესი, მმართველ პარტიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და ის იღებს გაცილებით დიდი რაოდენობის მანდატებს. არსებობს არაერთი ფორმულა, რომლითაც მანდატების განაწილება შეიძლება ისე, რომ არც პროპორციულობა დაირღვეს და არც გაუნაწილებელი მანდატები დარჩეს.
ჩვენთვის პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი უფრო მისაღებია. გვეუბნებიან,რომ ეს არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. არაერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ძირითადად საპარლამენტო მოდელია, მაგრამ პირდაპირი არჩევის წესი შენარჩუნებულია და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის საზოგადოებისთვის კარგი საშუალება იმისა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს პირდაპირ, ქვეყნის უმაღლესი პირის არჩევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ ის არ იქნება არჩეული პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიის უმრავლესობის მიერ. საჭიროა ლეგიტიმაციის უფრო მაღალი ხარისხი.
ჩვენ არ ვემხრობით პარტიული ბლოკების გაუქმებას. შესაძლოა ხშირად ფინანსური და სხვა სარგებლის მისაღებად ჯგუფდებიან, მაგრამ როდესაც პოლიტიკური პარტიები ჯგუფდებიან, რომ კონკრეტული ამომრჩევლის ხმების მოპოვება სურთ, ამის უფლება ჩვენ არ უნდა მოვუკლათ პარტიებს. დღეს ქვეყანაში, ჩვენი პარტიების განვითარების დონიდან გამომდინარე, შეიძლება დადგეს საჭიროება იმისა, რომ პარტიები ერთად დაჯგუფდნენ“ , – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მანანა ღოღობერიძე