მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანო “მსოფლიო რაგბიმ” 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საქართველოს და ასევე მსოფლიო რაგბის დანარჩენ, ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს ელიტარული ნაკრებების წინააღმდეგ მეტი ტესტ-მატჩის გამართვის შესაძლებლობა და რაც მთავარია, მათი მასპინძლობის უფლება ეძლევა.
როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ახალი კალენდრის გათვალისწინებით, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩების დროს ივლისისა და ნოემბრის პერიოდში 6 ერის და ასევე 4 ერის ნაკრებებთან დაპირისპირების შანსი მიეცემა როგორც თბილისში, ასევე გასვლით შეხვედრებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან თამაშის შესაძლებლობის შესახებ ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რადიოგადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ თიუმ. თიუს განცხადებით, ახალი კალენდრის მიხედვით, არაა გამორიცხული ზელანდიის ნაკრებს მომდევნო მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ტესტ-მატჩის გასამართად თბილისშიც მოუწიოს თამაში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამომავლო კალენდრის და სასიამოვნო ცვლილების შესახებ, კოემენტარი გააკეთა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “რა თქმა უნდა, ძალზე სასიხარულო ინფორმაციაა და ყველა ჩვენი მორაგბე და ზოგადად რაგბის გულშემატკივარი რა თქმა უნდა, გახარებულია ამ ინფორმაციით. ეს ყოველივე ქართულ რაგბს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარების და გამოცდილების მოპოვების შანსს აძლევს. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ელიტარულ სარაგბო ქვეყნებს და ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო რაგბის სამყაროში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის კომენტირებისას, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებთან თბილისში თამაშის შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი რაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც ჩვენი მორაგბეეების სამომავლო წარმატებების საწინდარი გახდება.”