,,მაღალ ქუსლებზე შევდექი და მომიხდა კარე…“ – ასე დავიწყეთ საუბარი 5 წლის წინ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დეკემბრის სუსხი და არც წლების დარდი მოგვყვებოდა რომელიმეს. გავიზარდეთ-მეთქი, როგორ ვთქვა, მაგრამ ის მართლა გაიზარდა.
ჭორფლიანი გოგოა, ჰოდა ასეც მივმართავ ზედმეტი სახელების გარეშე. მზის ღიმილი დააქვს თვალებით.
***
არც ვიცი, როგორ მოვყვე. მაშინ ის მაგარი გოგოები ვიყავით, ლიტერატურულ საღამოს რომ არ ვტოვებდით უყურადღებოდ, ყველა ახალგამომცხვარ პოეტს რომ შევციცინებდით, ბევრს ვიცინოდით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. ერთ დღესაც ჭორფლიანმა მწვანე ფერის ნაგვის ყუთში მოისროლა ყველა მუზა და დარჩა ცარიელი, შიშველი თავის ამარა. ძალიან ეშინოდა მაშინ, ქუჩაში გამოსვლის და ახალი ცხოვრების ეშინოდა, ჩამოიქცია თითქოს წლები თავზე და საკუთარ მეს ჯანდაბაში გაექცა.
***
გაბედნიერდასა და გათხოვდას შორის დაემართა რომელიღაც. ემოციადდარჩენილი ჭორფლიანი გაქრა. გაქრა ქალაქიდან, ვირტუალური სივრციდან, ლიტერატურული საღამოებიდან, პოეზიიდან, ჩემიდან. გაგეცინებათ და დღენაკლულთა დღეების გოგონები დავრჩით, მხოლოდ თებერვლის 27 გვქონდა ერთმანეთის დღედ და ვხვდებოდით ასე, 365 ან 366 დღეში ერთხელ შემოყინული ღიმილებით.
-რატომ ეწევი? – მკითხა ერთხელ. მე ღრმა ნაფაზს ჩავაყოლე მთელი ჩემი დარდი და არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. გაეღიმა.
-მაინც?
-ჩემი თავის გამო. – მერე თვალები სადღაც მიწამდე ჩავიტანე, რადგან არ შემეძლო მეყურებინა ჭორფლიანი გოგონასთვის, რომელსაც მზეები ამოუშრეს თვალებში, სხივები გამოაცალეს ღიმილიდან და შემატოვეს ასეთი – არაფრისმთქმელი. წინ მედგა ჭორფლიანის შვილის მამაც და ელოდებოდა, როდის გამომაცლიდა ჩემი ბავშვობის ისტორიის ნაწილს. იმ დღეს ჭორფლიანს არ დავემშვიდობე, რადგან მეშინოდა, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ გამხდარიყო.
***
თითქოს მეგობარი დავკარგე. დავკარგე არა ჩვენი(რომელიმეს) შეცდომების გამო, არამედ სხვების გამო, იმ ადამიანების გამო, ქუჩაში რომ მეჩეხებიან ყოველდღე უემოციობით გადაჩეხილი სახეებით, სევდა- და ბედნიერებაგამოცლილი თვალებით, ჩურჩულებით, სამყაროს რომ ვერ აწვდიან თავის სათქმელს და კომპლექსებით, რომ ერთადერთები ვერ აღმოჩნდნენ ამ დედამიწაზე.
***
და ისევ წავიდნენ ამბები თავიანთ გზებზე. ერთხელ ჩემი და ჭორფლიანის გზები გზაჯვარედინად გადაიქცნენ და შევეჩეხეთ.
ნეტა იცოდეთ, როგორ ავუარ-ჩავუარეთ ერთმანეთს – გულები კილომეტრის მოშორებებით დავტოვეთ, რომ არ გვტკენოდა ასეთი უსიტყვო შეხვედრა. აი ისეთი, ძვირფასი ადამიანი რომ გაგიქრება ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრებიდან და ,,გამარჯობა, როგორ ხარ?“-ის იქით ვერაფერს რომ ეუბნები. აი ისეთი, სულ არშეხვედრა რომ სჯობდა. აი ისეთი, კითხვების კორიანტელი რომ გაქვს თავში და იცი, ყველა კითხვით ატკენ მეორე მხარეს. მე მეშინია ასეთი შეხვედრების, უბრალოდ მეშინია.
***
და მომდევნო გზაჯვარედინი.
მიყვარს მეტრო, ვის არ გადაეყრები სადგურებზე.
ჩვენც გადავეყარეთ. დიდხანს ვიდექით ჩუმად პირისპირ, სახეზე ცრემლებისგან გაჩენილ ღარებს ვუთვლიდით ერთმანეთს. ჭორფლიანი ცივი და მშვიდი იყო და ვერასდროს აგიხსნით, რა შუაშია ეს ორი ეპითეტი ერთმანეთთან. უბრალოდ, საზიზღარი შეთანხმებაა.
-ნუ ხარ ასე საშინლად მშვიდი! – ვერ მოვითმინე და მაინც ვუთხარი.
-რა ვქნა? – შემრცხვა ჩემი თავის. მახსოვს, ხელები მაგრად მოვუჭირე ხელებზე. მინდოდა, ეგრძნო, რომ ისევ ვყავდი და შეეძლო გამოქცეულიყო ჩემთან მაშინ, როცა დასჭირდებოდა.
– რამდენი წელია ერთი სიტყვაც არ დამიწერია, იცი? მეგონა, მაშინ წერდნენ, როცა უჭირდათ, მაგრამ ამაზე მეტად რომ არასდროს გამჭირვებია?! – მე დამენანა ჭორფლიანი გოგო.
-მჯერა, რომ დაწერ, თუნდაც 20 წლის შემდეგ. – და ჩამოწვა საზიზღარი სიჩუმე.
***
-ბავშვი როგორაა? – ხომ ვთქვი , კითხვები ტკენენ მეთქი მეორე მხარეს. სულ ზედმეტები არიან. -რომელი, უკვე 2 თვე რომ არის, რაც არ მინახავს? – გავიოცე, ჩემი ემოციების მენიუში ამ ფაქტის შესაბამისი ვერ მოვძებნე, დავიბენი.
-შვილს რომ ვერ ნახავ და ეს ფულის ამბავიც. – ორივე გავჩერდით, ორივეს უხერხულობისგან გაქცევა გვინდოდა, ორივეს გვეშინოდა იმ რეალობის, რომლის წინაც ერთად ვიდექით.
-წლების წინ რომ ვიყო, ასე ალბათ არაფერი იქნებოდა.
***
,,მაღალ ქუსლებზე შევდექი და მომიხდა კარე“ – ახლა ჩემი ჯერია, ამ ფრაზას ვამბობდე. ახლა მე მეგობარგამოცლილი გოგო ვარ ამ მეგობრის დარდით, მეგობრის შვილის დარდით. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. არ მინდა, ბევრი დედა დადიოდეს და შვილი ენატრებოდეს. არ მინდა, დედას შვილის გამოსაკვებად შემოსავალი არ ჰყოფნიდეს. მე არ მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც არჩევანის თავისუფლების მაგივრად, უარესობის თავისუფლება მექნება. მე ამ ქვეყნის მეშინია, მე იმ ადამიანების მეშინია, რომლებიც დანარჩენ ადამიანებს ერთმანეთს გვაცლიან და თვალებში აციმციმებულ მზეებზე გვაბიჯებენ.
და ჭორფლიანი მაინც მზიანი გოგოა.
ლიკა ჯანყარაშვილი