იაპონიის დედაქალაქი ტოკიო 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად აირჩიეს. მთავარი სპორტული ფორუმი ამ ქალაქში 56 წლის შემდეგ ბრუნდება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესია ბუენოს აირესში მიმდინარეობდა. დღის წესრიგში სამი მთავარი საკითხი იდგა: 2020 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევა, ამ თამაშების პროგრამის დამტკიცება და სოკ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნები.
შაბათი დღე მთლიანად დაეთმო სამ პრეტენდენ ქალაქს – სტამბოლს, ტოკიოსა და მადრიდს შორის არჩევის პროცედურას.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, პირველ რაუნდში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების უმრავლესობა: ტოკიოს 42 ხმა ჰქონდა, მადრიდსა და სტამბოლს 26- 26 ხმა (მათ შორის გაიმართა დამატებითი კენჭისყრა, რომელიც თურქების გამარჯვებით დასრულდა და მეორე რაუნდში სტამბოლი გადავიდა).
ბოლო კენჭისყრა ორ დარჩენილ კანდიდატს შორის დიდი უპირატესობით მოიგო ტოკიომ – 60 ხმა 36-ის წინააღმდეგ.
ეს ქალაქი 1964 წლის შემდეგ მეორედ უმასპინძლებს ზაფხულის თამაშებს. გარდა ამისა, იაპონიაში 1998 წელს გაიმართა ზამთრის თამაშები, რომლის ორგანიზატორი იყო ნაგანო.
09.09.13