„ერთგულება უნდა დაუმტკიცონ ვიღაცას ამ ფორმით. პატარა ჯგუფები “ეპრანჭებიან” ამ სახით ვიღაცას, ხომ ხედავ პრეზიდენტს რა “ერთგულად ვაგინებთ” და იქნებ რამე პოსტს გამოვკრათ ხელი“. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„პრეზიდენტთან დაპირისპირება დაიწყო მისი არჩევიდან დაახლოებით ერთ თვეში და დღემდე გრძელდება.ნეგატივად „ნაციონალური მოძრაობა“ გაცვეთილია და მობეზრებული აქვს ხალხს. ისევ იპოვეს ცნობილი ობიექტი პრეზიდენტის სახით და ნეგატიური კამპანიის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.შიდა საბრძოლო სწავლებებია გამოცხადებული „ქართულ ოცნებაში“. მარტივი, ბანალური აზროვნების არიან ისინი, ვინც ახლა განსაკუთრებული მონდომებით უტევენ პრეზიდენტს.
ხელისუფლებას დაუგროვდა ძალიან ბევრი პრობლემა, ე.წ. ციანიდის საქმე, თუნდაც “რუსთავი-2” ის საქმე, რითაც ეს უძლეველობის მითი დაიმსხვრა. აღმოჩნდა, რომ ე.წ. მორიგე მოსამართლეს შეუძლია შეაჩეროს ძალიან დიდი ხნის მიმდინარე მოვლენები. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სხვა სოციალური, ეკონომიკური ტიპის პრობლემების მთელი კასკადია. ამ ყველაფრის გადაფარვას სჭირდება რაღაც სისტემური პოზიტივი, რომ აი ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ ან ისევ და ისევ ნეგატივი.
ეს დეპუტატები სხვათა შორის მე ტელეფონზე არ მელაპარაკებიან, მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს მათთან კომუნიკაცია. ტელეფონზე არ მელაპარაკებიან, როცა რაღაც კითხვა ან რჩევა უნდათ, მეუბნებიან, რომ ტელეფონზე ვერ გეტყვი, რომ შეგხვდები იქ დაგელაპარაკები. თვითონ აქვთ განცდა, რომ ისმინებიან. უსაფრთხოების პრიორიტეტი ადამიანის უფლებებზე არის ბოლშევიკური შეხედულება“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა
მანანა ღოღობერიძე