ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმა თითქმის დასრულებულია. 2017 წლიდან პროგრამა მთელ საქართველოს მოიცავს. ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც იგეგმება. აღნიშნულ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინე დარახველიძე ესაუბრა.
სამინისტრო სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმას ახორციელებს? უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას მოიცავს ეს რეფორმა, მსგავსი ღონისძიების განხორციელება დღის წესრიგში რატომ დადგა? რეფორმა მთელ საქართველოს მოიცავს?
– დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხილული შემთხვევების ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესი დაიწყო, რომელსაც USAID/JSI -ის მიერ მომზადებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამსახურის რეგიონალიზაციის კონცეფცია დაედო საფუძვლად. აღნიშნული რეფორმის მიზანია მაღალი ხარისხის პერინატალური სერვისების მიწოდება და დედათა და ჩვილ ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება.
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით რეგიონალიზაციის პროცესის მარეგულირებელი მექანიზმი განისაზღვრა.
2015 წლის განმავლობაში აღნიშნული პროცესი იმერეთისა და რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის პილოტურ რეგიონებში განხორციელდა. შემდგომ პროცესმა სამეგრელოს, გურიის, აჭარის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონები მოიცვა. პროექტის ადმინისტრირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასებისა და პილოტური პროექტის განხორციელების საკოორდინაციო ჯგუფის“ მიერ ხორციელდება. 2017 წლის განმავლობაში პროექტი კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გავრცელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
რა კრიტერიუმებით ირჩევა და რამდენი კლინიკა გამოეთიშა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?
– 1 მარტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სამეანო–ნეონატალური დაწესებულებებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის კომპონენტში მონაწილეობისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. ცვლილება პირველ ეტაპზე სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს შეეხო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეა ყველა ის კლინიკა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი პერინატალური დონე აქვს მინიჭებული და კლინიკა სადაც წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა. პროგრამაში დარჩნენ მხოლოდ ის სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა. სელექტიურ კონტრაქტირებაში მონაწილე პერინატალური სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე: old.moh.gov.ge/files//2017/Failebi/01.03.2017.pdf.
რა მოლოდინი გაქვთ, სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმა როგორ შედეგს გამოიღებს?
– პერინატალური სამსახურების დონეებად დაყოფის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. პროცესი პერინატალური სერვისების დონეების განსაზღვრას და უზრუნველყოფს სხვადასხვა დონეებს შორის ფუნქციური კავშირების დადგენას ეფუძნება, რაც გართულებული მდგომარეობების დროს შესაბამის დაწესებულებაში პაციენტების დროული და ადეკვატური რეფერალის საფუძველია. რეგიონალიზაციის კონცეფციაში ცენტრალური ადგილი რისკების შეფასებას და მომსახურების შესაბამის დონეზე გადაყვანის შესაძლებლობას უჭირავს.
ეს არის ძალიან რთული და დინამიური პროცესი, რომელიც სწორი დაგეგმვისა და განხორციელების პირობებში, მოკლე დროის პერიოდში რადიკალურად ცვლის სურათს და იძლევა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების შესაძლებლობას.
მინდა, საყოველთაო ჯანდაცვის რეფომის ცვილებებსაც შევეხო, რომელიც ძალაში მარტიდან შევიდა. კონკრეტულად რას შეიცვალა და მომხმარებლებისთვის ეს ცვლილებები რამდენად ხელსაყრელი იქნება?
– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე, ლოგიკა, რომ კერძო დაზღვევის მქონე პირი ვერ მოხვდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დაწესდა 2013 წელს და გაგრძელდება 2017 წელსაც.
პროგრამის ამოქმედების შემდეგ, კერძო დაზღვევით მოსარგებლეების მონაცემთა ბაზების განახლება პერიოდულად და პერმანენტულად უნდა მომხდარიყო, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა არ დარჩენილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს კერძო დაზღვევა, ან პირიქით არ გამხდარიყვნენ ორმაგი დაზღვევით მოსარგებლეები – კერძო სადაზღვევო პაკეტთან ერთად დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებად.
სწორედ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა 2017 წლის თებერვალში „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ცვლილების შეტანა, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებს 2017 წლის 22 თებერვლით განესაზღვრათ განახლებული მონაცემთა ბაზების წარმოდგენის ვადა. მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კი განახლდა საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები და კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები პირველი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. ცვლილების შედეგად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო მომსახურებით (115 ათასი ადამიანი), გახდება „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ საბაზისო პაკეტის მოსარგებლე, რომელიც გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას, გეგმიურ ოპერაციებს (მათ შორის კარდიოქირურგიულ ოპერაციებს), ქიმიო-, ჰორმონო და სხივურ თერაპიას, მშობიარობასა და საკესრო კვეთას მოიცავს.
ნინო ზარიძე