„რეალურად არ ვიცით რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ეს ნიშნავს,რომ ხელისუფლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უდგება უპასუხისმგებლოდ“. ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ურუშაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ბოლო დროს გაისმის ე.წ მესიჯ–ბოქსი, რომ მძღოლი არის მკვლელი. თითოეული ადამიანის მონაწილეობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში არის მაღალი, მაგრამ ტირაჟირება რომ მძღოლი არის მკვლელი, არის სტრატეგიული შეცდომა. ამით ხელისუფლებას ვუბიძგებთ,რომ მოიხსნას ის პასუხისმგებლობა,რომელიც ისედაც არ აქვს და ხელი გაიშვიროს მძღოლებისკენ. მძღოლის კომპეტენციის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი, ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, კლიმატური პირობები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირის მიზეზად 4 კომპონენტს ასახელებს, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, არასწორი მანევრი და 20% დაუდგენელი მიზეზი. საპატრულო პოლიცია ამას აღიქვამს,როგორც რიგით უბედურ შემთხვევას, მიდიან სახაზავით და მეტრიანით, ეძებენ უბრალოდ მძღოლს,რომელსაც შეიძლება დანაშაული დააბრალონ.
პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა სხვადასხვა კომპონენტით. კანონპროექტი არის წინგადადგმული ნაბიჯი, წლებია ამას ვითხოვთ არასამთავრობო სექტორი, რომ მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს“ , – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.
მანანა ღოღობერიძე