ყველა ადამიანის სურვილია იყოს წარმატებული, მაგრამ საზოგადოების წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ გამოსდის. ალბათ იმიტომაც, რომ მათ არ იციან წარმატების ნამდვილი არსი და მნიშვნელობა. ყველა წარმატებულ ადამიანს მწვერვალების დაპყრობის საკუთარი ფორმულა აქვს. პიროვნული მახასიათებელი, რომლის მეშვეობითაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს.
„თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ ნიჭიერი ქართველის ისტორიას, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
ნუცა კობახიძე პირველი ქართველია, ვინც განათლების სფეროში გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა. 7 მარტს, Gail P. Kelly-ის ჯილდო ნუცა კობახიძეს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების (Comparative and International Education Society (CIES) კომისიამ გადასცა, რომელიც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერებისაგან შედგება.
მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო საქმიანობა?
– ფორმალური განათლება მივიღე სამ ქვეყანაში: საქართველოში, ამერიკასა და ჰონგ კონგში. საქართველოში წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და შემდეგ მაგისტრატურა. გამიმართლა, რომ უნივერსიტეტში პროფესორ გურამ თევზაძის სტუდენტი გავხდი, რომელმაც შემაყვარა სამეცნიერო მუშაობა და რისთვისაც დღემდე მისი ძალიან მადლიერი ვარ. მასთან ერთად ვმუშაობდი შუა საუკუნეების ფილოსოფიის მიმართულებით, ვსწავლობდი ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს, ვაქვეყნებდი სტატიებს ფილოსოფიაში.
2008 წელს სწავლა განვაგრძე ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე განათლების პოლიტიკის მაგისტრატურის მიმართულებით და მივიღე მაგისტრის დიპლომი 2010 წელს. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი საქართველოში მასწავლებელთა წახალისების და ხელფასების კვლევას ეხებოდა, რაც შემდგომ ამერიკაში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.
მოგვიყევით იმ ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რომელიც თქვენს განათლებას უკავშირდება.
– 2012 წელს ჩავაბარე ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე და მივიღე ჰონგ კონგის მთავრობის პრესტიჟული სტიპენდია. ჰონგ კონგის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი უნივერსიტეტია და მისი განათლების ფაკულტეტი მსოფლიო ათეულში შედის განათლების საუკეთესო ფაკულეტებს შორის. პირველი ქართველი აღმოვჩნდი, რომელსაც ოდესმე უსწავლია ამ უნივერსიტეტში. გარდა იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა აზიური განათლების წარმატებული სისტემების შესწავლა, მთავარი მოტივაცია ჩემი ჰონგ კონგში გადასვლის იყო ის, რომ მემუშავა მსოფლიოში ცნობილ პროფესორ მარკ ბრეისთან, რაც სერიოზული პროფესიული გამოწვევა იყო. დოქტორანტურის სწავლის პერიოდში, პროფესორ ბრეისთან ერთად ვიმუშავე საერთაშორისო პროექტებზე კამბოჯაში და ჰონგ კონგში, და მომეცა საშულება მასთან ერთად გამომექვეყნებინა სტატიები მსოფლიოს წამყვან, მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში.
ჩემი სამუშაო გამოცდილებაც განათლების სფეროს უკავშირდება: მიმუშავია საჯარო სკოლაში მასწავლებლად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეში მიწვეულ ლექტორად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორ ცენტრში პროგრამების და კვლევების კოორდინატორად: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში (2007-2008) და შეფასებისა და გამოცდების ცენტრში (2010-2012).
რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?
– პირველ რიგში, ეს იყო ნიშანი ჩემთვის, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მნიშვნელოვანია. შარშან ამ დროს ჯერ კიდევ სადოქტორო დისერტაციას ვწერდი, და როგორც ყველა სტუდენტი, ვწუხდი როგორ ჩავეტეოდი დროში, იქნებოდა თუ არა დისერტაცია მეცნიერულად ღირებული, შევძლებდი თუ არა საკმარისი სიღრმე მიმეცა არგუმენტებისთვის. მოულოდნელი იყო ასეთი საერთაშორისო აღიარება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კომისიამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისაგან შედგებოდა, ასეთი შეფასება მისცა ჩემს დისერტაციას. ეს არის დიდი სტიმული და მოტივაცია გავაგრძელო სამეცნიერო მუშაობა.
როგორი განცდაა, როდესაც თქვენ ხართ საქართველოში პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო?
– ძალიან სასიამოვნო განცდაა და ამავე დროს პასუხისმგებლობა. 7 მარტს, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, ოფიციალურად გადმომცეს ეს ჯილდო და უზარმაზარ აუდიტორიაში მომიწია სამადლობელი სიტყვის თქმა. მიხაროდა იმის შეგრძნება, რომ ქართველი ვარ, ეს დისერტაცია საქართველოზეა და ქართველებსაც წვლილი შეგვაქვს მეცნიერების განვითარებაში.
თქვენს წარმატებაზე რომ მოგვიყვეთ, როგორ მიაღწიეთ ამ ყველაფერს?
– დავფიქრდი და ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. თანმიმდევრულობა, შრომის ეთიკა, ნებისყოფა, მოთმინება, საქმის სიყვარული და ერთგულება, სირთულეებთან გამკლავების უნარი, საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება და მუდმივ თვითგანვითარებაზე ზრუნვა – ალბათ ყველა ეს ფაქტორი ერთიანობაში ქმნის წარმატების საფუძველს.
რას საქმიანობთ დღეს?
– სადოქტოროს დამთავრების შემდეგ მუშაობა განვაგრძე ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე, როგორც პოსტ დოქტორატურის მკვლევარმა. ვმუშაობ რამდენიმე მიმართულებით, თუმცა, წამყვანი პროექტი ამჟამად არის იუნესკო-ს მიერ დაფინანსებულ კვლევა მიანმარში/ბირმაში, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვსწავლობ მიანმარელი მასწავლებლების უფლებებს და მათ ჩართულობას რეპეტიტორობის ბაზარზე. ეს არის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტი სამ ორგანიზაციას შორის – ჰონგ კონგის უნივერსიტეტი, იუნესკო-ს აზიის ოფისი და იანგონის განათლების ინსტიტუტი. პროქტს მხარს უჭერს მიანმარის განათლების სამინისტრო, რომელიც დაინტერესებულია კვლევის შედეგები და რეკომენდაციები განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში გამოიყენოს.
თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?
– თავისუფალ დროს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებ. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ჩემს შვილთან ერთად თამაში, მასთან ერთად ზღაპრების კითხვა, მუსიკის მოსმენა და უბრალოდ ქუჩაში სიარული.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჯილდოს მიღების შემდეგ რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობა დამიკავშირდა და შემომთავაზა დისერტაციის წიგნად გამოცემა. უკვე დავიწყე მუშაობა წიგნზე, რაც ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. სამომავლოდ განვაგრძობ სამეცნიერო მუშაობას განათლების მიმართულებით როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების გეოგრაფიულ არეალში.
მარიამ ლეკიაშვილი