„არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა კითხვაზე გვიპასუხებს, თუმცა, მერთან ძალიან ბევრი კითხვა გვექნება, მთავარი საკითხი იქნება ნაზღაიძის თემა. ქალაქში ბევრი პრობლემაა და შესაბამისად კითხვებიც ძალიან ბევრია. კითხვები არის გაფლანგვული თანხები, კორუფცია, ნეპოტიზმი“. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“წევრმა, ირაკლი ნადირაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„კითხვები იქნება საცობებთან დაკავშირებით, რატომ არ აშენდა ახალი ხიდი, ახალი ესტაკადები, რატომ ვერ მოგვარდა პარკირების პრობლემა. რატომ არ შესრულდა „ქართული ოცნების“ გეგმა, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტში გაითვალისწინებდნენ 41 მილიონ ლარს ავარიული კორპუსების გასამაგრებლად და რატომ არის ეს თანხები განახევრებული. რატომ გადასცა დავით ნარმანიამ ათობით რეკრეაციული ზონები ბიძინა ივანიშვილს და რატომ დათმო ტერიტორიები თბილისელების ინტერესების საზიანოდ.
ნაზღაიძის თემა მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა,როდესაც სახელმწიფო თანხები და ქონება იყო გამოყენებული ქრთამის მისაცემად. დიახ, ეს უკავშირდება არა რიგით მოსამართლეს. ნაზღაიძე რომ „რუსთავი 2“–ის საქმის მოსამართლე არ ყოფილიყო, ამ ფულს არავინ მისცემდა, მითუმეტეს ქონება საერთოდ არ ეკუთვნოდა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი. მხოლოდ იმიტომ,რომ დავით ნარმანიას უნიჭოდ შეესრულებინა ბიძინა ივანიშვილის დავალება, მოესყიდათ,დაეშანტაჟებინათ ყველა მოსამართლე,რომ მათთვის სასურველი განაჩენი დამდგარიყო „რუსთავი 2“–ის საქმეზე“ , – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მანანა ღოღობერიძე