ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციებით უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
„სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან – იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები.
პრეზიდენტის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო.
პრეზიდენტმა პარლამენტს შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შექმნისაკენ მოუწოდა.