„ოქროს კარიბჭე“
ბზობა, ბაიაობა, პალმის კვირა – ამ სახელებით მოიხსენიება ერთ-ერთი თორმეტთაგანი დღესასწაული, მაცხოვრის დიდებით შებრძანება იერუსალიმში. დიდებას წინ უძღოდა ლაზარესთვის დაღვრილი ცრემლები: „ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი (მარიამი), რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა. და ცრემლოოდა იესუცა.“
ლაზარეს აღდგინების შემდეგ იესო წმინდა ქალაქისკენ მიემართება, სადაც უკვე დაწყებული იყო საპასექო სამზადისი. რომის იმპერიაში და მის ფარგლებს გარეთ გაფანტული ებრაელები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, რომ „ეგვიპტის მონობიდან“ გამოსვლა ეზეიმათ. ამჯერადაც უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი და რომ გაიგეს იესო მოდისო, ზარ-ზეიმით გამოეფინნენ მის შესახვედრად.
ის შესასვლელი, რომლითაც იესო იერუსალიმში შებრძანდება, ქრისტიანულ ლიტერატურაში ცნობილია როგორც „ოქროს კარიბჭე“, ებრაულ წყაროებში „წყალობის კარიბჭედ“ მოიხსენიება, ხოლო არაბულად მარადიული „სიცოცხლის კარიბჭესაც“ უწოდებენ. იერუსალიმის ეს შესასვლელი აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად ამოქოლილია. კარიბჭე პირველად მუსლიმებმა ამოქოლეს მე-9 საუკუნეში, შემდეგ ჯვაროსნებმა გახსნეს. სალადინმა, 1187 წელს წმინდა ქალაქის აღების შემდეგ, ისევ ამოაშენა ეს შესასვლელი. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიის სულთანმა სულეიმანმა გახსნა, მისი მმართველობის პერიოდშივე ამოიქოლა და მას შემდეგ ასეა. ერთი მოსაზრებით, სულეიმანის გადაწყვეტილება სუფთა სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა არსებობს იუდაური გადმოცემაც, რომ სულთანს კარიბჭის კედლის ამოშენებით მომავალი მესიის შეჩერება სურდა.
„ოქროს კარიბჭეს“ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება. ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი აპოკრიფებიდან გამომდინარე, „ოქროს კარიბჭე“ ანასა და იოაკიმეს შეხვედრის ადგილად მოიაზრება. ამ გარდამოცემას მე-14 საუკუნის იტალიელმა ფერმწერმა ჯოტო დი ბონდონემ ნახატიც მიუძღვნა.
იესო „ოქროს კარიბჭის“ გავლით შედის იერუსალიმში. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“ – ამბობს ხალხი და გზად უფენენ პალმის რტოებს, სამოსელს, ხალიჩებს, ეგებებიან მეუფეს, რომელზეც პოლიტიკურ იმედებს ამყარებენ; ჰგონიათ, რომ ეს ის მესიაა, რომელიც მათ რომის მმართველობისგან გაათავისუფლებს და დამოუკიდებლობას მოუტანს. ისინი ასევე გაუცნობიერებლად აღიარებენ, რომ იესო უფლის სახელით მოდის, რომ ის მესიაა ღმერთის სახელით მომავალი…
ასეთი საზეიმო შეხვედრის მიუხედავად, იესო ქალაქს რომ მიუახლოვდა, „სტიროდა მას ზედა.“ თითქოს მას წინასწარ ჩაესმის ამ ხალხისავე სიტყვები „ჯვარს აცვი ეგე“. მეორე მიზეზი, რის გამოც იესო ატირდა, არის წინასწარ განჭვრეტა იერუსალიმის დაცემისა – 70 წლის გაზაფხულზე, პასექის დღესასწაულამდე რამდენინე დღით ადრე იერუსალიმი ტიტუსმა აიღო.
„კავკასიური პალმა“
ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ ვიყენებთ ბზას, როცა სახარებაში პალმის ტოტებია ნახსენები. ბზა მარადმწვანე ხეა, ძალიან ნელა იზრდება და მისი მერქანი საკმაოდ ძვირფასია. რადგანაც საქართველოში პალმა ნაკლებადაა გავრცელებული, ამიტომ, დღესასწაულის აღსანიშნად, ჩვენთან ბზის გამოყენება დაიწყეს. ამის გამო ბზას კავკასიურ პალმასაც უწოდებენ. რუმინეთსა და რუსეთში ტირიფის ერთ სახეობას იყენებენ და რუსული სახელწოდება (Вербное воскресенье) აქედან გამომდინარეობს. ინგლისურ ლიტერატურაში ბზობა „პალმის კვირად“ (Palm Sunday) იწოდება.
„ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. მე-5 საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“ – მამა შალვა კეკელია.
ამრიგად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ყვავილებით ან რტოებით მივეგებებით ამ დღესასწაულს, რადგან დღესასწაულის არსი ქრისტეს მიგებებასა და მისი ღვთაებრიობის აღიარებაში მდგომარეობს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბზის ხეების დიდი ნაწილი დაავადებამ გაახმო და გაანადგურა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მისი გამრავლება.
ბზობის ტრადიციები
“სამეგრელოში ბაიას ყვავილს, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან ასოცირდებოდა, სახლში წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ. ბზობისთვის უნდა ეჭამათ თევზი. ეკლესიაში კურთხევის შემდეგ ბზა სახლში მოჰქონდათ. მას მიცვალებულსაც უდებდნენ საფლავზე და ერთმანეთსაც ჩუქნიდნენ.
მთელ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში არის ბზა. გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ფშავში ბზობა მათურის მთავარანგელოზის ხატში იცოდნენ. მიცვალებულის პატრონს ეკლესიაში თევზი მიჰქონდა და იქ მყოფებს უმასპინძლდებოდა. ხატში არც საჭმელის მიტანა იცოდნენ და არც სასმელის. ხევისბერი ხატის ყმებისთვის ილოცებდა, რის შემდეგაც მლოცველი შინ ბრუნდებოდა.
სვანეთში ბზობის საღამოდან მთელი ვნების კვირის განმავლობაში ლიროკინალი ანუ ბოროტი ძალის განდევნა იწყებოდა. ბზობა საღამოს ყველა ოჯახის უფროსს ტყიდან ეკალი მოჰქონდა, რომლის ტოტებს კარის ქვეშ, ყველა ფანჯარასა და ნახვრეტში დებდა, რათა სახლში ბოროტი ძალა არ შესულიყო.” – ეთნოლოგი ნინო ღამბაშიძე
მარიამ ქალებაშვილი