თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, სადაც საუბარია დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი.
ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, უარყოფითი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის დაბალი ჯარიმითა და გზებზე არსებული ”შავი წერტილებით”.
„ჩემი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიზეზები არის რამდენიმე – პირველი ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არცერთი სამსახური არ არსებობს საქართველოში. საპატრულო პოლიცია, რეალურად, რეაგირებას ახდენს მომხდარზე. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია საჭიროებს თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას.
ამასთანავე, მომრავლებულია არალიცენზირებული ავტოსკოლები, რომლებიც მართვის მოწმობის ბილეთებს მოქალაქეებს ასწავლიან კოდირებით. ანუ თუ ბილეთზე მაგალითად ხე ხატია, იქ სწორი პასუხია „ა“ და არ ხდება რეალურად ბილეთებისა და საგზაო მოძრაობის შესწავლა.“ – დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ურუშაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში თქვა, რომ ხელისუფლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უპასუხისმგებლოდ უდგება.
„თითოეული ადამიანის მონაწილეობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში არის მაღალი, მაგრამ ტირაჟირება რომ მძღოლი არის მკვლელი, არის სტრატეგიული შეცდომა. ამით ხელისუფლებას ვუბიძგებთ,რომ მოიხსნას ის პასუხისმგებლობა,რომელიც ისედაც არ აქვს და ხელი გაიშვიროს მძღოლებისკენ. მძღოლის კომპეტენციის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი, ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, კლიმატური პირობები.“ – ვასილ ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი
ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის შესამცირებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები მოამზადა, რომელსაც მხარი პარლამენტმა დაუჭირა.
არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: ,,იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობაში რეფორმას და ცვლილებებს, რომელიც გააუმჯობესებს და აამაღლებს უსაფრთხოებას გზებზე. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მალე თავს იგრძნობენ უფრო უსაფრთხოდ როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისას, ასევე ქვეითად გადაადგილების დროს. ეს არის ცვლილებები, რომელიც საჭიროა, ვინაიდან ავტოპარკი საქართველოში გაიზარდა 20%-ით, გაფართოვდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გაიზარდა საერთაშორისო ტრანზიტი. შესაბამისად, არის ახალი გამოწვევები და ახალ გამოწვევებს კი სჭირდება ახალი პასუხი ხელისუფლების მხრიდან.”
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება შემოდის. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, მკაცრდება სანქციები ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვისაც.
მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უკონტაქტო პატრულირების შემოღებას. კერძოდ, პოლიციას ენიჭება უფლება პრევენციული საქმიანობის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას წინასწარი იდენტიფიკაციის გარეშე.
ნინო მაზიაშვილი