რამდენიმე ძველ მუსიკალურ საკრავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთაძემ გასცა.
ამ საკრავებს შორის, როგორც ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ასევე შედარებით უცხო საკრავებიც მოხვდნენ.
ფანდური – ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ტერმინ ფანდურს X საუკუნის წერილობით წყაროებში ვხვდებით. იგი ქართველ ხალხში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფლეიტა – სასულე მუსიკალური საკრავია. არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. გავრცელებულია უძველესი დროიდან, აღსანიშნავია, რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიოში.
ჩონგური – ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია. მისი ავტორია-კაპიტონ ცანავა.
დიპლიპიტო – იგივე ნაღარა, დასარტყმელი საკრავია. შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტია გადაკრული. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული.
ვიოლინო – ავტორი იაკობ შტაინერი. მე-17 საუკუნე. ავსტრია. ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა.
დაირა-დასარტყმელი საკრავია. ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა ცნობილია, აგრეთვე, დაფის სახელწოდებითაც.
გარმონი – აღმოსავლეთ საქართველოსა და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავი. გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია თუშეთში.
არღანი – იგი მოზრდილი ყუთია, შიგ ხმოვანი მილები, საბერველი და მუთაქისებრი ლილვაკებია ჩაწყობილი და თითო ლილვაკზე თითო მუსიკალური პიესაა მოთავსებული. ლილვაკების ასამოძრავებლად საკრავს გვერდზე სატრიალებელი სახელური აქვს. აქვეა ლილვაკების გადამრთველი მექანიზმიც. ტრიალისას ლილვაკის ამობურცული ნაწილები სათანადო მილაკებში ჰაერს უშვებენ, რის მეოხებითაც ბგერები წარმოიშობა.
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ აგრეთვე საკრავებს: გრამაფონი, ედისონის ფონოგრაფი, თარი, კალიოპე/კალიოპა, კონცერტინა, მანდოლინა, მუსიკალური ზარდახშა, ორკესტრიონი, პატეფონი, პიანოლა, ფისჰარმონია, ქამანჩა, ყანუნი, წიკო-წიკო(ბუზიკა) და ციტრა.
ნინო ზარიძე