მონასტრებში ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ჩამოყალიბდა, როცა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. გარდა რიტუალური დანიშნულებისა, სამღვდელოება ღვინოს ყოველდღიური მოხმარებისთვისაც აყენებდა და ეს ჩვეულება დღემდე გრძელდება. საქართველოში რამდენიმე მონასტერია, სადაც მოქმედი ღვინის მარნები აქვთ. გაგაცნობთ სამ ყველაზე ცნობილ მონასტერსა და მათ მიერ წარმოებულ ღვინოებს.
ალავერდის მონასტრის მარანი
ალავერდის მონასტერი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, ალაზნის ნაყოფიერ ველზე მდებარეობს. მონასტრის ისტორია მე-6 საუკუნეში იწყება და გადმოცემით, ერთ-ერთი ასურელი ბერის, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. მონასტერი ეპისკოპოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. აქ მსახურებაზე დასასწრებად, ხშირად მოდიოდნენ ქართლ-კახეთის მეფეები.
რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა VIII-X საუკუნეების ტრადიციული მარანი და სხვადასხვა ზომის ქვევრები აღმოაჩინეს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ მე-11 საუკუნეში კახთა მეფე კვირიკემ მონასტრისთვის დიდი მარანი ააშენა.
ბადაგონის კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, აქ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა და 2006 წლიდან მარანმა ძველი ფუნქცია დაიბრუნა. ქართული ღვინის კულტურის ეს უძველესი ცენტრი კახური ტრადიციული მეღვინეობის ოქროს საბადოდ გადაიქცა. ისტორიული ტრადიციებისა და ტექნოლოგიის შენარჩუნებით, ალავერდის მონასტერი იმ ადგილად მოგვევლინა, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს ამზადებენ.
შავნაბადის მონასტრის მარანი
შავნაბადის ღვინის მარანი 1998 წლიდან მოქმედებს. საუკუნოვანი მარანი აქ მცხოვრებმა ბერებმა გამოაცოცხლეს. ისინი ტრადიციული მეთოდით აწარმოებენ ღვინოს რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის ჯიშების გამოყენებით.
მონასტერში წარმოდგენილია რელიგიური და ეთნოგრაფიული ნივთები: დოქები, თეფშები, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭელი. ყოველი წლის მოსავლიდან ბერები ღვინის გარკვეულ ოდენობას ინახავენ საკოლექციოდ.
ბუზმარეთის მონასტრის მარანი
ბუზმარეთის მონასტრის მიერ წარმოებული ღვინო ესეს არის, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს. ამჯერად ბუზმარეთის მონასტერში მხოლოდ ერთი სახის, ქინძმარაულის ღვინო მზადდება ყვარელში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
წყარო: georgianjournal.ge
მარიამ ქალებაშვილი