“ასეთი ფორმებით საკუთარი აზრის დაფიქსირება აბსოლუტურად მიუღებელია, უნდა არსებობდეს ეთიკის კოდექსი და კონკრეტული სანქციები დაეკისროს პარლამენტარს მსგავსი ქმედებისას”. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, “ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “პოლიტმეტრის” ეთერში ისაუბრა.
“გული მწყდება,რომ საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მოხდეს ასეთი ფაქტები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ გამოვიდა, რომ თანაპარტიელებმა მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის ადგილი არსად არ არის და განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტში.
საგნობრივი დისკუსიები შეუძლებელია, როდესაც ოთახში არის კამერა. ამ დროს იცვლება ტონალობა, დისკუსიის სტილი, შეკითხვების სიმწვავე. როგორც კი დახურულ ფორმატში გადავდივართ, მარტივად არის შესაძლებელი საგნობრივი მსჯელობა. მეორე ფაქტორი არის სახელმწიფო საიდუმლოება. სუს-ის უფროსის ანგარიშის წარდგენის დახურვას ჰქონდა ორი მიზეზი. ის თემის სპეციფიკის გამო ითხოვს დახურულობას და მეორე მხრივ ფიზიკურად შეუძლებელია მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობა კამერების ფონზე. მითუმეტეს, რომ პლენარულ სხდომაზე პირველად იყო საშუალება, რომ სუს-ის ანგარიში მოგვესმინა. ამ უწყებას პარლამენტის წინაშე აქვს პირდაპირი ანგარიშვალდებულება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მანანა ღოღობერიძე