იესოს მკვდრეთით აღდგომა მოციქულებისთვის მოულოდნელი იყო. გალილეის ტბასთან მებადურებმა ძლივს იცნეს იესო, თუმცა როგორც კი პეტრემ ამოიცნო მოძღვარი, გახარებული გადაეშვა წყალში და ნაპირისკენ გაემართა. ემაუსის გზაზე მიმავალ კლეოპასა და ლუკასაც გამოეცხადათ უფალი, დაიმგზავრეს და ვერაფერს მიხვდნენ, სანამ ქრისტემ თავად არ გაამჟღავნა თავისი ვინაობა. ამ შემთხვევებამდე ადრე, მარიამ მაგდალინელი სამარხიდან აღმდგარ იესოს მებაღედ ჩათვლის და ევედრება, რომ დააბრუნოს უფლის სხეული, რომელიც მოპარული ეგონათ, რადგან ასეთი ხმები გაავრცელეს ფარისევლებმა. როგორც კი მიხვდება, რომ ეს ხორცშესხმული არსება მებაღე კი არა, მისი უფალია, აღელვებული შეჰყვირებს: „რაბუნი!“
მოციქულებმა იწამეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. მათ შორის თომა იყო მხოლოდ, რომელსაც სურდა შეხებოდა უფლის ჭრილობებს, რომ მისი აღდგომა დაეჯერებინა. მიუხედავად ამ დაეჭვებისა, თომა მაინც ინარჩუნებს მოციქულობის უფლებას და საერთოდაც არ კნინდება ამ ე.წ. „ურწმუნოების“ გამო, რის მიღმაც შესაძლოა უფალთან კიდევ ერთხელ შეხვედრის ძლიერი სურვილი უფრო იდგა, ვიდრე სკეპტიციზმი.
სახარების ამ მონაკვეთის უკეთ გასაცნობად, „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილის განმარტებებს წმინდა მამათა მიხედვით:
,,და როცა მოსაღამოვდა იმ ერთშაბათ დღეს და კარები დაკეტილი იყო, სადაც იყვნენ მოწაფეები შეკრებილნი იუდეველთა შიშის გამო, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ: მშვიდობა თქუენდა. და ეს რომ თქვა, უჩვენა მათ თავისი ხელები და გვერდი; და გაიხარეს მოწაფეებმა, იხილეს რა უფალი”.
სახარების ეს ნაწილი გვასწავლის, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩვენი სხეულიც მსგავსი იქნება იესო ქრისტეს სხეულისა, რომელმაც დახშულ კარში გაიარა. ჩვენი სხეულიც განსულიერდება, დიდ სიმსუბუქესა და თავისუფლებას შეიძენს მოძრაობაში. თუ მაცხოვარი ჩვენი სხეულის მსგავსი იყო, თვინიერ ცოდვისა, და ამასთანავე, განდიდებული ღმრთეებასთან შეერთებით, ეს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩვენი სხეულის განდიდების საწინდარია. ღმერთის სული წმინდა მოციქულ პავლეს ბაგეებით გვარწმუნებს, რომ ჩვენი სხეული შეიცვლება და მაცხოვრის დიდების სხეულის თანახატი გახდება. კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წმინდა მოციქული ბრძანებს: ,,ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი.” ასევე გვაიმედებს წმინდა ეფრემ ასურიც, როცა ამბობს, რომ ,,ყველა იმ სხეულს მივიღებთ, რომელიც ჩვენი საკუთარი საქმეების შესაბამისი იქნება. თითოეული ჩვენგანის სხეული საკუთარ საქმეებს წარმოაჩენს, რადგან ყველა ჩვენს საქმეებს სხეულით ვატარებთ”. ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილითა და კეთილგონიერებით უნდა ვეპყრობოდეთ საკუთარ სხეულს, ვიცავდეთ მას ყოველგვარი მანკიერებისა და ცოდვისაგან, რათა მისთვის რთული არ გავხადოთ ანდა სრულიად არ მოვაკლოთ ნანატრი გარდაქმნა – ღვთის დიდების თანახატად გახდომა.
როგორც წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის: ,,სხეული არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, და უფალი სხეულისთვის. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმერთისაგან, და არ ეკუთვნის თქვენს თავს? ”
ჩვენს გულებში (მოციქულთა მსგავსად) არანაკლები სიხარული უნდა სუფევდეს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომაზე ფიქრისას. ან რატომ არ უნდა გვიხაროდეს, როცა ჯოჯოხეთი დარღვეულია, როცა აღარაფერია საძრწოლი, რადგან მისი საწერტელი განადგურებულია, ბოროტი დამხობილია და სამოთხის კარი ღიაა ჩვენთვის, ყოველივე გამზადებულია, რასაც კი ჩვენი სული ინატრებს! რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომით მოგვენიჭა!
,,და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან”.
უფალმა, იმ ერთადერთმა, ვისაც აქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, თავის მოციქულებს მიანიჭა ეს ხელმწიფება, მათ კი თავის მემკვიდრე მღვდელმთავრებს გადასცეს. მღვდელმთავრებმა, თავის მხრივ, მღვდლებს მიანიჭეს ცოდვათა მიტევების ხელმწიფება. ამ გზით მონანულ ადამიანს შეუძლია ცოდვათა შენდობა მიიღოს მღვდლისგან იმ განრღვეულის მსგავსად, რომელმაც თავად იესო ქრისტესგან მიიღო მიტევება.
,,ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, არ იყო მათთან, როცა მივიდა იესო. ეუბნებოდნენ მას სხვა მოწაფეები: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან უთხრა მათ: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე სამსჭვალთა კვალს და არ დავადებ ჩემს თითს სამსჭვალთა ადგილს და არ დავადებ ჩემს ხელს მის გვერდს, არ ვირწმუნებ. და რვა დღის შემდეგ კვლავ იყვნენ მისი მოწაფეები შინ და თომაც – მათთან ერთად. და მოვიდა იესო, როცა კარები დაკეტილი იყო, და დადგა შუაში და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. შემდეგ უთხრა თომას: გამოიწოდე შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; გამოიწოდე შენი ხელი და დაადე ჩემს გვერდს; ნეტარნი არიან, რომელთაც არ იხილეს და ირწმუნეს”.
ჩვენგან უფალი არ მოითხოვს ბრმა, უპირობო მინდობას და რწმენას, იგი ნებას გვაძლევს გამოვიძიოთ ჭეშმარიტება: თვალიც ხედავდეს, ხელიც ეხებოდეს და ყველა სხვა გრძნობამ გამოიკვლიოს იგი, მაგრამ ეს ყველაფერი თავმდაბლობით, მორჩილებით, უზაკველი გულით, შეცნობის კეთილგანზრახვით უნდა მოხდეს. გამომცდელობა მხოლოდ მაშინ არის ხოლმე სახიფათო, როცა კადნიერდება, ყველაზე დაფარული და მიუწვდომელი ჭეშმარიტება გამოიკვლიოს. იგი დამნაშავეა მაშინ, როცა ჭეშმარიტებას იმისთვის კი არ გამოიძიებს, რომ ჩასწვდეს მას და შეიმეცნოს, არამედ იმისთვის, რომ სხვა ადამიანებში შეარყიოს მისადმი ნდობა და რწმენა.
ურწმუნონიც კი არ ეჭვობენ იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ და ხელის შეხებით შეიგრძნობენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვისაც სწამს ღმერთის და მისი სიტყვების არა იმის გამო, რომ ჭეშმარიტება დამაჯერებელი და დამტკიცებულია მისთვის, არამედ იმიტომ, რომ მას უყვარს ღმერთი და ჭეშმარიტება! მხოლოდ ასეთ რწმენას უწოდებს მაცხოვარი ნეტარს.
მარიამ ქალებაშვილი