„ასეთი სისტემა მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და საუკეთესო გამოსავალი სუბიექტური კუთხით, მისი დატოვება იქნებოდა. ნეგატიური გამოცდილების გამო უარი ვთქვით ჩვენთვის სასარგებლო საარჩევნო სისტემაზე და გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„დღეს გვაქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც მთლიანად არის მორგებული მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. ამ სისტემამ დაგვანახა, რომ „მოქალაქეთა კავშირმა“ და შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს საარჩევნო სისტემა გამოიყენა ბოროტად იმისათვის, რომ მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
იმ ცვლილებების უმრავლესობა, რომელიც ასახულია საბოლოო დოკუმენტში, რეალურად დღის წესრიგში ჩვენი კოლეგების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების ინიციატივების საფუძველზე დადგა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ახალი დოკუმენტი შესაბამისობაში ყოფილიყო კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. ეს მიზანი ზედმიწევნით მიღწეულია და ამას ვენეციის კომისია დაადასტურებს. მეორე მიზანი იყო სწორი სისტემის ჩამოყალიბება, მყარი კონსტიტუციური საფუძვლის ჩაყრა დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის, უნდა მიგვეღო სისტემა, რომელიც გაუძლებდა დროს.
ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა,რომელიც ეფუძნება ევროპული საპარლამენტო სისტემების არა მარტო გამოცდილებას, არამედ საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის ნებისმიერი ფორმის ჩამოყალიბების პრევენციას ვახდენთ. ბევრია გასაკეთებელი, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები დაემსგავსონ პოლიტიკურ პარტიებს.
ვენეციის კომისიის მიერ თუ იურიდიულად არასწორად შეფასდება კონკრეტული რეგულაცია, ასეთი ნორმა არ დამტკიცდება. კომისია მიზანშეწონილობაზე არ მსჯელობს“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანანა ღოღობერიძე