შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების წინაშე დგანან. სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებები ვალდებულები არიან, შექმნან ის პირობები, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასა და სრულფასოვან ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
ქალაქში ისევ არის პანდუსების სიმცირე, ტროტუარები მოსაწესრიგებელია, არც თუ ისე ხშირად ვხვდებით სპეციალურ გადასასვლელებს მხედველობადაქვეითებულთათვის და კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი.
ადამიანის ძირითად უფლებათა შორის აღიარებულია რელიგიური თავისუფლება, თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა გარემო, სადაც ამ საყოველთაო თავისუფლებებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რას სთავაზობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სმენადაქვეითებულ ადამიანებს და რამდენად დაკმაყოფილებულია მათი საჭიროებები.
ამ საკთხეზე გვესაუბრა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა და ასევე თელეთის წმინდა დავით გარეჯელის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზაზა კირვალიძე. როგორც მამა ზაზამ გვაცნობა, ღვთისმსახურება სმენადაქვეითებულთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან აღესრულება. ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელიც აღნიშულ მსახურებას აღასრულებდა, თავად მამა ზაზაა. ამჟამად, ჟესტების ენით ღვთისმსახურებას მამა გიორგი კალანდია ასრულებს სამების საკათედრო ტაძარში.
გვითხარით, როგორ ისწავლეთ ჟესტების ენა? რა განასხვავებს ჟესტების ენით ჩატარებულ ლიტურგიას ჩვეულებრივი ღვთისმსახურებისგან?
– 12 წლის განმავლობაში ვატარებდი წირვას სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. მათთან ურთერთობიდან გამომდინარე შევისწავლე ეს საკომუნიკაციო ენა. ჟესტების ენაზე ჩატარებულ წირვას სჭირდება ქმედითად გამოხატული ურთიერთობა, რადგან მათ სხვა წვდომის საშუალება არ აქვთ. ჩვეულებრივ წირვასთან მიმართებაში, ყრუ-მუნჯებისთვის ჩატარებული წირვა 40 წუთით მეტ დროს იკავებს. წირვის განმავლობაში ვგალობთ კიდევაც, მაგრამ მათთვის ამისი აღქმა რთულია ან შეუძლებელია.
ლიტურგიკული ტექსტები არც ისე მარტივია. თუ ახლდა რაიმე სირთულე ჟესტების ენით წირვის ჩატარებას? რომელ ტაძრებში ტარდება ეს ღვთისმსახურება?
– ვერ ვიტყოდი, რომ ამ პროცესს რაიმე სირთულე ახლდა. ჩვენ მათ ჟესტების ენაზე გადავცემთ ყველა სიტყვას და ვუმარტავთ წმინდა წერილისა თუ ფსალმუნების მნიშვნელობას. ვცდილობთ, ღვთისმსახურების სულისკვეთება და შინაარსი მაქსიმალურად გასაგები იყოს მათთვის. რაც შეეხება იმას, თუ სად ტარდება, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მათთვის სპეციალურად გამოიყო ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას აღესრულება მსახურება. აღსარება ტარდება როგორც ჟესტების ენით, ასევე წერილობით, აღესრულება შვიდგზის ზეთისცხებები, ვაკურთხებთ ოჯახებს.
თქვენი აზრით, რამდენად არის ამ ადამიანების რელიგიური სურვილები დაკმაყოფილებული? ხელმისაწვდომია თუ არა ჟესტების ენით აღვლენილი ღვთისმსახურება მათთვის, ვისაც სმენის ან მეტყველების პრობლემები აქვთ?
– საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 50 000 ყრუ-მუნჯი გვყავს, რომელნიც რეგიონებშიც საჭიროებენ საპატრიარქოს მხარდაჭერას, უფალთან თანაზიარებისა და მისი მადლის მისაღებად. ამ ეტაპზე ძალიან ვწუხვართ, რომ მამა გიორგის გარდა არავინ იზიარებს მათ პრობლემებს. მე მზად ვარ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მოვემსახურო ჩვენი ქვეყნის შვილებს.
მარიამ ქალებაშვილი