თბილისში 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაიმართა.
როგორც „თბილისი თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა, ევროკავშირის მხრიდან კი – ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი დირკ შუბელი. შეხვედრაში ქართული მხრიდან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ასევე, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა განიხილეს დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებული ყველა კომენტარი, რომელთა უმრავლესობაზე პოზიციები შეჯერდა. მხარეების ურთიერთშეთანხმებით ასოცირების დღის წესრიგის დროულად მიღების მიზნით მუშაობა გაგრძელდება.
ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებულ სამოქმედო პრიორიტეტებს განსაზღვრავს.