ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან, – განაცხადა შეხვედრაზე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა ლივიუ დრაგნეამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი იწყებენ დეკლარირებული მიზნებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას – უახლოეს პერიოდში მუშაობას შეუდგება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ კონკრეტული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები დაინტერესებულები არიან მაქსიმალურად აითვისონ სხვადასხვა სექტორში არსებული უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით გააქტიურდება ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტი და ახლო მომავალში გაიმართება ბიზნესფორუმები ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.