„დაუფასებელია ქალის შრომა, როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულებად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია“,– ეს განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღეს გააკეთა. მილოცვის ტექსტში ომბუდსმენი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მხრიდან ხშირია ქალთა დისკრიმინაციის ფაქტები, რომელიც ანაზღაურების დისბალანსში გამოიხატება.
საქართველოში 1996 წელს რატიფიცირებულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია #100 „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიზანია, დაიცვას თანაბარი ანაზღაურების პრინციპი, თუმცა აღნიშნული კონვენცია რეალურად საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მე–4 კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალთა საშუალო თვიური შემოსავალი 795,2 ლარით განისაზღვრა, ხოლო მამაკაცების ხელფასის იმავე პერიოდის მაჩვენებელი 1306,6 ლარს შეადგენს. აღნიშული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქალთა და მამაკაცთა საშუალო თვიურ ხელფასებს შორის სხვაობა 511,4 ლარია.
საქართველო ვალდებულია დაიცვას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კიდევ ერთი კონვენცია #111 „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ რომლის მიხედვითაც დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით: რასის, სქესის, ასაკის, რწმენის… მიიჩნევა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გამოცხადებული უფლებების დარღვევად. აღნიშნული კონვენცია 1995 წლიდან რატიფიცირებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.
შრომით უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ქალები აწყდებიან სამსახურში ხშირად ფარულია, ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო ისინი ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
„დამსაქმებლები კომფორტულ სიტუაციაში არიან, როგორც უნდა მოვინდომო ვერ დავუმტკიცებ, რომ თანამდებობრივი დაწინაურების პროცესში პრივილეგიები მამაკაცებს მიანიჭეს მხოლოდ სქესის და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო. სიმართლე რომ ვაღიარო, პროტესტის გამოთქმას არც ვცდილობ. შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ წარიმართოს და სამსახურიც დამატოვებინონ“,– საკუთარ სამუშაო გარემოს ამგვარად ახასიათებს ქალბატონი ნინო, მხოლოდ იმ პირობით, თუ მისი სახელის იდენტიფიცირება არ მოხდება, ვინაიდან შიშობს, რომ კრიტიკასა და უკმაყოფილებას დამსაქმებელი „შესაბამისად“ უპასუხებს.
„პრობლემა ჯერ კიდევ პატარა გოგონების განათლებიდან იწყება, როდესაც მათ შთააგონებენ, რომ არ უნდა დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების დონეზე პასუხისმგებლობას მოითხოვს და შესაბამისად მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა“, – ქალთა მიმართ შრომითი უფლებების დისკრიმინაციულ ხასიათზე ”თბილისი თაიმსთან“ საუბრისას არათანაბარ სასტარტო პირობებზე აკეთებს აქცენტს ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.
„ არსებობს ხილული და უხილავი უთანასწორობის ნიშნები. თუ ჩვენ სამსახურში არსებულ მივლინებების, პრემიებისა და სხვადსხვა ბენეფიტის რაოდენობრივ მაჩვენებლებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი კაცებისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ქალებისთვის. უთანასწორობა, რომელიც ქალთა შრომითი ურთიერთობების პირობებში არსებობს, შესაძლოა, გარეგნულად არ ჩანდეს და მათ ფურცელზე ოფიციალურად მამაკაცებთან გათანაბრებული ანაზღაურება ჰქონდეს, მაგრამ სამუშაო გარემოს შიგნით, ქალისთვის გაცილებით უფრო შეზღუდული და შემავიწროებელი პირობები იყოს.
მინახავს შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი ქალისთვის არ იყო მანქანის მომსახურება, ხოლო კაცისთვის იყო. მანქანის მომსახურება, ცხადია, გარკვეული დახმარებაა, რადგან ამით ძალიან ძვირფას რესურს, დროს ზოგავ და მეტი საქმის გაკეთების შესაძლებლობა გექნება. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ისევ გენდერული სტერეოტიპიდან მომდინარეობს, თითქოს, კაცი საჭესთან უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქალი“
გენდერის საკითხებზე გაეროს მიერ 2013 წელს ჩატარებულ ანგარიშში „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“ გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის 67% არ არის დასაქმებული. დაუსაქმებელთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია ქალებში – 75%, ხოლო მამაკაცებში დაუსაქმებელთა წილი 59% შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად უფრო მეტი მამაკაცი ეძებს სამსახურს, ვიდრე ქალი. გაეროს ანგარიშში ნათქვამია:
„საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება. ხოლო კაცის – ოჯახის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია, ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული – „ქალისთვის შესაფერისი“ სამუშაო ჰქონდეს.“
ქალთა შრომით უფლებებსა და ურთიერთობებზე საუბრისას, საჭიროა გავითვალისწინოთ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ახალ კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და შრომის კოდექსს შორის. დისკრიმინაციის ერთ–ერთი აღიარებული ფორმა – სექსუალური შევიწროება, არსებული შრომის კოდექსში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ამგვარი ფორმის დისკრიმინაციის შემთხვევაში არ არსებობს აკრძალვის რაიმე მექანიზმი.
საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ფულადი დახმარების განსაზღვრას იმ ოდენობით, რომ ქალმა შეძლოს შეინახოს საკუთარი თავი და შვილი, უზრუნველყოფილი იყოს სანიტარულ–ჰიგიენური პირობებითა და ცხოვრების სათანადო დონით. ქალთა უფლებების დამცველები დღესდღეობით სწორედ შრომის კოდექსში ქალთა დისკრიმინაციისაგან დასაცავ ცვლებებს მოითხოვენ.
ნანუკა მაღლაკელიძე