საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხის საზღვრისპირა ქალაქ ჯვარში სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვედ აღჭურვილი პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ მოინახულეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებს, პედაგოგებსა და დამსაქმებლებს შეხვდნენ.
სრულად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ თანამედროვე განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.
პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს, რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით, ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
ქალაქი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად, კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია.