თუ თქვენ თვალების სიწითლე, ქავილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი ან ხმის ტემბრის შეცვლა გაწუხებთ, მაშინ შესაძლოა, პოლინოზი გქონდეთ.
პოლინოზი ალერგიაა მცენარის მტვრის მიმართ. მისი სიმპტომები ჩვეულებრივ მეორდება წლების განმავლობაში, წელიწადის ერთსა და იმავე დროს. კონკრეტულად რომელი მცენარეების მტვერი იწვევს ამ დაავადებას, რა გართულებები ახლავს თან და როგორ ხდება პოლინოზის მკურნალობა? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ალერგოლოგი მაია რუხაძე ესაუბრა.
რა არის პოლინოზი და რომელი მცენარეების მტვერი იწვევს ამ დაავადებას?
– მცენარეული მტვრის მიმართ ალერგიას პოლინოზს უწოდებენ. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს და სხვადასხვა ტერმინით გამოხატავდნენ. მაგალითად, „ვარდის ცხელება“, „თივის ცხელება“ და ა.შ.
მცენარეული მტვერი მრავალფეროვანია. სეზონური ალერგიის პერიოდი იწყება ჯერ კიდევ იანვრის ბოლოდან, გვიან შემოდგომამდე გრძელდება და მცენარეების ყვავილობის სხვადასხვა პერიოდს გამოხატავს, სხვადასხვა ციკლები აქვს. პირველი პერიოდი იანვრის ბოლოდან იწყება, გრძელდება აპრილის ბოლომდე და მოიცავს ადრეულ მოყვავილე ხეებისა და გვიან მოყვავილე ხეების ყვავილობას. ადრეულ მოყვავილე ხეებში შედიან შემდეგი მცენარეები: თხილი, ალვის ხე, თელა, ტირიფი და ა.შ. გვაინ მოყვავილე ხეები მოიცავს: წიფელს, მუხას, აღმოსავლურ ჭადარს და ა.შ. შემდეგი პერიოდი ეს არის ბალახები და მარცვლოვნები (იწყება მაისიდან და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე). მესამე პერიოდი, რომელიც ივლისის ან აგვისტოს პერიოდიდან იწყება, გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ან ნოემბრის დასაწყისამდე.
ჩვენ ახლა იმ პერიოდში ვართ, როდესაც ხეების ყვავილობა თითქმის დასრულებულია და იწყება ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობა – ტიმოთელა, კოინდარი, თივაქასრა, წივანა და ა.შ. ასევე მარცვლოვნები: ქერი, ხორბალი, სიმინდი, შვრია და ა.შ
რა სიმპტომები ახასიათებს მცენარის მტვრით გამოწვეულ ალერგიულ დაავადებას? როგორ უნდა განვასხვავოთ პოლინოზი და გაციება ერთმანეთისგან?
– ალერგიული რინო-კონიუქტივიტი, რომელიც არის ალერგიული რინიტი – ეს არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და ალერგიული კონიუქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. ხშირად ეს ორი პათოლოგია ერთდროულად არსებობს, რაც ალერგიული რინო-კონიუქტივიტია. სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი, შემაწუხებელი, სერიული, რომელსაც „სალუტსაც“ უწოდებენ, ანუ მრავლობითი ცემინება, თვალის ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა და ა.შ. ასევე ამ სიმპტომებს შეიძლება მოჰყვეს ხველა, რადგან ცხვირი და ბრონქები ერთიანი სასუნთქი სისტემაა. მას ალერგიულ სურდოსაც უწოდობენ. შესაძლებელია, რომ სუნთქვის პრობლემები უფრო გართულდეს და ასთმაც გამოვლინდეს. ასთმა ხუთვას ნიშნავს, ანუ ეს არის სუნთქვის გართულება, გაძნელებული ამოსუნთქვა , ხიხინი… შესაძლოა ასევე კანის პრობლემებმაც იჩინოს თავი: კანის ქავილი, სიმშრალე და ა.შ. ასე რომ, პოლინოზს მრავალფეროვნება ახასიათებს როგორც სახეობრივი, ასევე სიმპტომებისა და გამოხატულების მხრივაც.
ჩვეულებრივი გაციება და სურდო შესაძლოა იგივენაირად დაიწყოს (მაგალითად, ცხვირიდან გამონადენი), მაგრამ როდესაც პაციენტი მოდის, გეუბნება კონკრეტულად დროს, მან შეიძლება იცოდეს კონკრეტული დღეც და ზუსტად გითხრას როდის ეწყება ეს სიმპტომები წლიდან წლამდე. ამ დროს ალერგოლოგიც ხვდება, რომ აქ საუბარია სეზონურ ალერგიულ რინიტზე. გაციებას კი სხვა სიმპტომებიც მოჰყვება. მას შეიძლება დაერთოს ტემპერატურული რეაქცია, ასევე სხვა გამოხატულებები და მათი განსხვავება , რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
რა ასაკის ადამიანს ემუქრება პოლინოზი, თუ არის ასაკობრივი დაყოფა?
– არ არსებობს ასაკობრივი დაყოფა. ალერგია სცდება ყველანაირ ფარგლებს, საზღვრებს… ის შეიძლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდეს.
რა გართულებები ახლავს თან ამ დაავადებას? ხდება თუ არა ის სხვა ალერგიული დაავადების გამომწვევი ან გამწვავების მიზეზი?
– მცენარეული მტვერი ალერგიული დააავადებების გამომწვევი და გამწვავების მიზეზიც შეიძლება იყოს. ყოველ სეზონზე პაციენტს თავისი სეზონური გამწვავება აღენიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონიდან სეზონამდე როგორ ცხოვრობს ადამიანი. პაციენტს სეზონური პრობლემები ემატება თუ უმცირდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭიროა სწორად და დროულად მოხდეს დაავადების გამოვლინება, მისი მონიტორინგი. ხანდახან სერიოზული ჩარევაც ხდება საჭირო. თუ წლიდან წლამდე სიმპტომები მატულობს, ასეთ დროს დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს. სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომელიც ალერგოლოგიაში და დღევანდელ პირობებში ნამდვილად ხელმისაწვდომია, რათა დადგინდეს რის მიმართაა ალერგია. არსებობს ასეთი მკურნალობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტულ ალერგენთან შეგუების არსებობას. სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს, რომელსაც ალერგოლოგი პაციენტისთვის შესაფერისად არჩევს და ხდება ამ ალერგენის თანდათანობით შეყვანა , რათა ორგანიზმმა მასთან შეგუება შეძლოს. ეს მკურნალობის მეთოდი ახალი არაა, ას წელზე მეტს ითვლის და მას წლები სჭირდება, 3 წელი მაინც, რომ ორგანიზმმა თანდათანობით შეძლოს ამ ალერგენის მიმართ მაბლოკირებელი ანტისხეულების გამომუშავება და შეგუება.
როგორ ხდება ამ დაავადების მკურნალობა და პრევენციისთვის რა არის საჭირო?
– პოლინოზის მკურნალობაში უმთავრესია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. არსებობს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები: პერორალურად მისაღები ტაბლეტები, ადგილობრივი მოხმარების საშუალებები… პრევენციის თვალსაზრისით საჭიროა ადამიანმა თავი დაიცვას და მოიცილოს ეს ალერგენი ანუ მოხდეს ელიმინაცია. აუცილებელია გამორეცხვა (ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარითაც და მარილიანი წყალხსნარითაც), ჩამობანა, გათავისუფლება ამ ყველაფრისგან, შხაპის მიღებაც, რომ ალერგენი მოცილდეს ლორწოვანს, მასთან ხანგრძლივად არ იყოს. პაციენტმა სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა დაიწყოს მკურნალობა, რათა, უფრო მომზადებული შეხვდეს სეზონს და რაც შეიძლება ნაკლებად გამოუვლინდეს სიმპტომები.
რას ურჩევთ პოლინოზით დაავადებულ ადამიანებს? თქვენი რეკომენდაცია…
– ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ოპტიმისტურად უნდა განეწყოს ის ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა აქვს. ასეთი პაციენტები ხშირად მოდუნებულები არიან. მაშინ, როცა გარეთ ყველაფერი ფერადი,სურნელოვანი და ლამაზია და, თითქოს, ყველა უფრო აქტიური უნდა იყოს, ამის მიუხედავად, პოლინოზის მქონე ადამიანები ადინამიურები (ძალ-ღონე გამოცლილები, მოდუნებულები) ხდებიან. თუ ადამიანს პოლინოზის სიმპტომები აქვს, დროულად უნდა მივიდეს ექიმთან. მედიცინა დღეს ინდივიდუალურ მოთხოვნებამდეა დაყვანილი. თითოეულ პაციენტს იმის საშუალება აქვს, რომ გარკვეული ინდივიდუალური სქემა შეიმუშაოს ექიმთან ერთად. ამის შემდეგ ყველა პაციენტი შეძლებს, რომ გაზაფხულს, თუ თავის სეზონს შეხვდეს მხიარულად, ამაღლებული განწყობით და ნაკლები ალერგიული სიმპტომებით. ეს დღეს ნამდვილად შესაძლებელია.
ნინი მაზიაშვილი