სულით და ხორცით სპორტსმენია – სუფთა კაცია. პატრიოტია და საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს რაც შეუძლია. ეს გოჩა ჯამარაულია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ბატონო გოჩა, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი?
– პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. წარმოიდგინეთ, როდესაც ხარ ოჯახის უფროსი რა დიდი პსაუხისმგებლობა გეკისრება მეუღლის, შვილების, საკუთარი მშობლების წინაშე… და გარდაბნის მუნიციპალიტეტი ხომ ძალიან დიდი და ლამაზი, მრავალეთნიკური და მრავალი კუთხის შვილებისაგან შემდგარი ოჯახია.
რა არის თქვენთვის ყოველდღიური საზრუნავი?
– ყოველდღიური საზრუნავი არის ჩემი სამსახური. მაგალითად, ევროპელებს, ალბათ ათი წლის მერე სად წავლენ სამოგზაუროდ, ისიც დაგეგმილი აქვთ… ქართველები ასე არ ვართ ამ ეტაპზე და შესაბამისად, ყოველდღიური საზრუნავი, რასაც სამსახური მავალებს, და ამას დამატებული დაუგეგმავი და სხვა გაუთვალისწინებელი საზრუნავ-საკეთებელი. უამრავი პრობლემა არის მოსაგვარებელი მუნიციპალიტეტში და იმაზე მეტი უნდა გააკეთო, ვიდრე ეს გავალია… ადამიანი, რომელიც დახმარების სათხოვნელად მოდის, ხშირად კანონის ძალითა და კომპეტენციის ფარგლებში, რომელსაც ვერ გადახვალ და ვერ შეცვლი თვითნებურად, თავისუფლად შეგიძლია უთხრა უარი დახმარებაზე ან სხვა სახის თანამშრომლობაზე. მაგრამ, არსებობს ადამიანური მხარეც, რის გამოც, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, ისე ეხმარები, შესაძლებლობების ფარგლებში. ეს უკვე ცალკე და სხვა საზრუნავია, რომელიც მხოლოდ საკუთარ რესურსებს და შესაძლებლობებს ეყრდნობა.
გამგებელი რომ ხარ, უფრო მეტი პრობლემები მოდის შენამდე და მეტი საზრუნავი გაქვს ხალხზე, ვიდრე რიგითი მოქალაქე, რომელსაც მსგავსი პასუხისმგებლობები არ აკისრია. ღვთისწყალობით ხშირად ვწყვეტ დამოუკიდებლად უამრავ პრობლემას და ამით ბედნიერი ვარ. ხან “ენერგო პრო ჯორჯია” გვეხმარება, ხან “სოკარ გაზი”… ზოგს კომუნალურების დავალიანება აქვს გადასახდელი და ვერ ახერხებს, ზოგს წამლის ფული არ აქვს, ზუსტად ამაში მეხმარება ჩემი ფონდი (ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ ჩემს ფონდს), რომელიც გადაუდებელი პრობლემების დაძლევაში მეხმარება.
გარდაბანი რთული რაიონია, ეროვნული უმცირესობების და მრავალკუთხურობის გამო. როგორ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას?
– ყველაფრის მაგალითი თავად უნდა იყო. შენ თუ მაგალითი ვერ მიეცი, ვერავის ვერაფერს ვერ მოთხოვ. უმცირესობას ჩვენ აქ რელიგიურად არ ვაყენებთ და არც არავინ არ უსვამს ხაზს ამ საკითხს. მათთან ჩვენ ვსაუბრობთ კანონის ენაზე, მოქალაქეობაზე და საკუთარი ქვეყნის ერთობლივად შენების თვითშეგნებაზე. ეს პრინციპი და მოვალეობა აქ ყველასთვის ერთია. რელიგიურად აქ ყველა თანასწორია და არც კუთხურობა და ეროვნულობაა დაყოფილი ჩვენს რაიონში. ჩვენ, გამგეობა ვართ ამის მაგალითი, რომ კანონი პირველ რიგში ჩვენთვის არის – კანონი და, შემდეგ დანარჩენი საზოგადოებისთვისაც იგივე. ეს ჩვენ შევძელით ერთიანობით და შრომით, პატიოსნებით. შესაბამისად, – ვინარჩუნებთ ბალანს.
საქართველოში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი ხართ, ვინც აქტიურად თანამშრომლობს შშმ პირების საკითხებზე. რა არის თქვენთვის მათთან ურთიერთობა?
– ღმერთმა შექმნა ადამიანი და ამას ჩვენ ვერ შევცვლით, ნებისმიერთან მხოლოდ თანამშრომლობა, მეგობრობა და ურთიერთგაგება გვეკისრება. ყოველ ადამიანში გარკვეულწილად არის სიკეთე და ბოროტება, მაგრამ ამ ადამიანებში არის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე, არანაირი ბოროტება და არც ქვეცნობიერში… ეს მახარებს და მაძლიერებს, მაჩვენებს ადამიანის ყველაზე დიდ პლიუსს და სიყვარულს. მე მათთან თავისუფალი ვარ, ერთ სიტყვას არ ვაკონტროლებ, არც ქცევას, ვინაიდან მათთან არ მჭირდება თვითკონტროლი და ისეთად მღებულობენ, როგორიც ვარ… ამ მართლაც და განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან თამაში და მსგავსი რამ მიუღებელია. ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ ამ კეთილშობილი ადამიანებისგან. სამწუხაროდ ხშირად დრო არ მაქვს, რომ მეტი დრო გავატარო მათთან.
მაინც, რა დახმარებებით შემოიფარგლებით მუნიციპალიტეტის დონეზე ამ ადამინებთან?
– ჩვენ გვაქვს ჩვენი ააიპ-ი “თერაპიული ცენტრი”, რომელსაც მაქსიმალურად ვეხმარებით. გვყავს ძალიან კარგი პედაგოგები. მათგან სრული მხარდაჭერა და კეთილსინდისიერი საქმიანობა არის ე.წ. შშმ პირებისთვის.
გარდაბნის მცხოვრებმა, ბატონმა გურამ ზურაბიანმა ჯანდარის ტბა გადაცურა, კაცმა, რომელიც ეტლში ზის. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფაქტი?
– პირველ რიგში ბატონმა გურამ ზურაბიანმა სამყაროს დაანახა, რომ ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი არ არსებობს, მთავარია სურვილი. და კიდევ, იმ ადამიანებს, ვინც უქმად ატარებს დროს, მეორე ის არის, რომ არ შეეგუა თავის მდგომარეობას და არ არის ვინმეზე დამოკიდებული. მართალია, ეტლში ზის, მაგრამ ცხოვრობს სავსე ცხოვრებით, აქვს საყვარელი საქმე და ჰობი, არის საოცრად აქტიური და იუმორის გრძნობით შემკული. უბრალოდ აგრძელებს ისე ცხოვრებას, როგორც შეუძლია და ეს ადამიანი არის დიდი მაგალითის მიმცემი სხვა ყველა დანარჩენისთვის, ვინც ეტლში მოხვდა.
ბატონო გოჩა, ერთადერთი გამგებელი ხართ საქართველოში, რომელიც თავის გასამრჯელოს არ იღებს და კუთვნილ ხელფასს თავისივე შექმნილ საქველმოქმედო ფონდში რიცხავს, რამ გიკარნახათ ამის გაკეთება?
– რამდენიც არ უნდა გქონდეს ადამიანს, შრომის ანაზღაურება არის შრომის ანაზღაურება. მაგრამ, მე უზრუნველყოფილი ვიყავი ფინანსურად და საკუთარ თავს მივეცი იმ სურვილის ასრულების უფლება, რომ ადამიანებს დავხმარებოდი საკუთარი შრომის ანაზღაურებიდან. არასწორი შეფასებაა მათი მხრიდან, ვინც ამბობს, რომ ფული აქვს და ამიტომ აკეთებს ამასო… ჩემი ოჯახისთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია და მაინც იმას ვაკეთებ რაც სინდისმა და დღევანდელმა შესაძლებლობებმა მომცა. მთლიანობაში რომ ავიღოთ, ორმოცი ათასი ლარი მაქვს ჩემი ხელფასიდან ქველმოქმედებაში დახარჯული. ძალიან ბევრი შეჭირვებული ადამიანია, – ზოგს პურის ფული არ აქვს, ზოგს წამლის… გამგეობას თავისი კანონები აქვს, როცა ერთჯერად დახმარებაზე განცხადება შემოდის, პროცედურებში ხშირად დრო მიდის, იკარგება, არა და, ადამიანისთვის ის მცირედი თანხა ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წერილმა ინსტანციები უნდა გაიროს, მოკლედ, შეიძლება დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახარჯული დრო ადამიანისთვის სავალალო აღმოჩნდეს, სწორედ ამაში მეხმარება ჩემი ფონდი, რომ მცირე თანხების გაცემა დაუყოვნებლივ შემიძლია, სულ რაღაც ნახევარ საათში. ეს ფონდი რომ არ მქონდეს, ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი მოქალაქეების დახმარება და უფრო მეტად. საკუთარი თავისთვის თვალებში ჩახედვა გამიჭირდება, რომ მე ადამიანს ვერ დავეხმარო დროულად და შესაბამისად.
რამდენად გამოხატავენ მადლიერებას?
– ძალიან ღირსეული მოქალაქეები არიან გარდაბანში, ხანდახან საქმით და ცხოვრების სიძნელეებით დაღლილს, ამდენი მადლიერი და ღირსეული ადამიანი რომ გაგახსენდება, ზოგი შეგხვდება, ვიღაც მოგწერს, დაგირეკავენ, ფიქრობ ღირდა ამისთვის ჩემი გამგებლად მუშაობა.
დღეს უკვე რა არის ფეხბურთი თქვენთვის?
– ფეხბურთს ზოგი უყურებს 22 კაცის თამაშს, დასდევენ ბურთს და… ჩემთვის ფეხბურთი არის ფილოსოფია, ცხოვრების წესი, ერთმანეთის უსიტყვოდ ურთიერთგაგება და გუნდურად საქმის კეთების სურვილი და უნიკალური შესაძლებლობა. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა! ხშირად მესიზმრება _ სტადიონზე ვარ, ფეხბურთს ვთამაშობ, ბურთს მაწვდიან, გოლი გამაქვს, საკუთარ კარს ვიხსნი გოლისგან… მოკლედ, ეს არიც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი.
მართალია ნათქვამი? – ფეხბურთელი თამაშს რომ ამთავრებს ბუცებს კედელზე ჩამოჰკიდებენ ხოლმეო…
– ალბათ ზოგი ასე აკეთებს, პირადად მე ერთი წყვილი ბუცი მაქვს შენახული, რომლის ენაზეც ამოქარგულია გოჩა ჯამარაული. ამას ვინახავ შთამომავლობისათვის.
ბევრი ბურთი გაქვთ?
– ადრე ძალიან ბევრი ბურთი მქონდა, გავაჩუქე. ჩემი შვილის ხელში აღარ მაქვს – დაარტყამს და “ვეღარ ვპოულობ”, მოკლედ ჩემი გზა აირჩია და ამითაც ბედნიერი ვარ. შენახული კი მაქვს სახელობითი, ხელმოწერილი ბურთი, რომელიც ძველი სტილითაა შეკერილი ნამდვილი ტყავისგან, უცხოეთში ვიყიდე და ძალიან მიყვარს.
ავტორები:
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, გურამ ზურაბიანი