“საქართველო ახორციელებს იმ პოლიტიკას,რომელიც სხვა სახელმწიფოებს სჭირდება, საქართველოს უცხოეთიდან მართავენ და არა პარლამენტიდან და კაბინეტებიდან”. ამის შესახებ “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “რეაქციას” ეთერში ისაუბრა.
“საქართველოს დამოუკიდებლობის გზა ძალიან მტკივნეულია და მით უფრო გულსატკენია,რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთიანი და მთლიანი, არც რეალურად დამოუკიდებელი. აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს და ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენიტეტი შეზღუდული, მაგრამ რაც საქართველოს დღეს სჭირს, ნამდვილად შორს დგას დამოუკიდებლობისგან.
ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი საგარეო პოლიტიკა, ისეთი როგორიც სტრატეგიულ პარტნიორებს კი არა, საქართველოს სჭირდება. ამას აფხაზეთის და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვის პოლიტიკა ჰქვია. თუ გვინდა აშშ-ის შტატი ვიყოთ, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ მხრივ წარმატებებზე. ბოლო 5 წელი კატასტროფულად დავკარგეთ დრო და კატასტროფულად ჩიხში შედის აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების პერსპექტივა.
2011 წლის 26 მაისს რომ ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა და შევგუებოდით არსებულ რეალობას, დღეს დიდი ალბათობით სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა. შეიძლებოდა ვყოფილიყავით თბილ სახლებში და არა თავსხმა წვიმაში. მაშინ უნდა შევეგუოთ ყველა იმ უბედურებას, რაც შეიძლება მოხდეს” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე