“მისი თავმჯდომარეობით 10 წლის განმავლობაში სულ 3 საქმე არის განხილული. მოსამართლეს უნდა განეხილა საქმეები და პრაქტიკა დაეგროვებინა. ამით კი დაკავებული არ ყოფილა”. სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, სასამართლოს თავმჯდომარის ძველ და ახალ ხელმძღვანელებზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, ეკა ციმაკურიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.
“მიხეილ ჩინჩალაძე აღიქმება სასამართლო სისტემაში გავლენიან ფიგურად, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ. ჩვენ შესწავლილი გვაქვს საკითხი, თუ როგორ იხილავდა საქმეებს მოსამართლეობის პირობებში. ჩნდება კითხვა, რას აკეთებდა ის 10 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში, დიდი ალბათობით ის არაფორმალურად მართავდა სასამართლო სისტემას და იუსტიციის საბჭოს ხელში იყო მექანიზმი, რომელიც ასრულებდა ინდივიდუალურ მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის ფუნქციას.
პროცესები ბურუსით არის მოცული და ბევრი კითხვა ჩნდება. რატომ დასჭირდა ვალერი ცერცვაძეს თანამდებობიდან გადადგომა უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე. ჩნდება შეკითხვა, ხომ არ არის ეს შეთანხმებული პროცესი,როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნოს მისთვის მისაღები ადამიანები” , – განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.
მანანა ღოღობერიძე