„ამ მუხლის ამოღება არ შეიძლება, პარლამენტმა შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა განგვისაზღვრა“. ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ კორძახიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 94-ე მუხლმა კონსტიტუციის ძირითადი ნაწილიდან გარდამავალ დებულებაში გადაინაცვლა. ამ მუხლის მიხედვით, გადასახადების ცვლილება მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით იყო შესაძლებელი.
„ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია განსაზღვროს პერსპექტივები მხოლოდ 12 წლით. არამგონია ქართულ ეკონომიკას რამე სახარბიელო ჰქონდეს. განსაკუთრებით პრობლემაა გრძელვადიანი ინვესტიციები და ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება, რომ 12 წლით გადავადება დიდ ვარაუდებს და რისკს უკავშირდება. გრძელვადიანი ინვესტიციები იქნება ბუნდოვანი. საკმაოდ ნეგატიური სურათია ჯერჯერობით, თავიდან აღმასრულებელი ხელისუფლებაც ჩვენსავით ფიქრობდა, მაგრამ პოლიტიკურ ნიუანსებში დაიკარგა პოზიციის რეალური აღქმა და გაიმარჯვა პოლიტიკურმა განსაზღვრებამ.
გაცხადებულია,რომ ეს ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი პარტიის,სოციალ-დემოკრატების ინიციატივა იყო. შესაძლოა მათ პოზიციას შეეწირა ეს ცვლილება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა ვერ დაარწმუნა ეს უმცირესობა, რომ მუხლი არ უნდა ამოღებულიყო. სავარაუდოდ, დიდ ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზეც არ უნდა ველოდოთ. არ ვიცი შევძლებთ თუ არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას“ , – განაცხადა მიხეილ კორძახიამ.
მანანა ღოღობერიძე