შსს-ს ცნობით, საქართველოში იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩატარდა.
კვლევის თანახმად, ქვეყანაში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს. მათი დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6-წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაც.
როგორც კვლევიდან ვიგებთ, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა.
2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% – აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი.
მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება რეექსპორტს, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტი 37%-ით შემცირდა და საერთო რეექსპორტის 8% შეადგინა.
ნინო ზარიძე