ერთიანი გამოცდების პირველ ნაკადში აბიტურიენტების 97% გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საგამოცდო პროცესს 5 აბიტურიენტი გამოეთიშა, ამის მიზეზი დაგვიანება გახდა. 2 აბიტურიენტმა დაიგვიანა თელავში, ორმა თბილისში და ერთმა ბათუმში.
მიმინოშვილის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზი არსად არ დაფიქსირებულა. მეორე ნაკადის გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეგისტრაცია 2 საათზე დაიწყება, გამოცდა კი 3 საათზე. პირველი ნაკადის აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის არის.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.