ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შედის პროექტი Check in Georgia. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროექტის ორგანიზატორებმა ისაუბრეს, მათ შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და Black Sea Arena-ს წარმომადგენელიც იყო, რომელმაც ივლისსა და აგვისტოში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დააანონსა.
განრიგი:
23 ივლისი- ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა;
1 აგვისტო ერისიონი;
5 აგვისტო – ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე;
9 აგვისტო- ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები;
15 აგვისტო- ირაკლი ჩარკვიანი;
18 აგვისტო- ჯიპსი კინგი;
21 აგვისტო – ნინო ქათამაძე;
2 სექტემბერი- ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო.
გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე გაიხსნა Gem fest. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ივენთი და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიას, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.
საბავშვო ევროფესტივალი მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში გადაიცემა და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს. ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის – Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება, მათ შორის არტ-გენი, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე.