ყოველ ქვეყანას განსხვავებული მედიასტანდარტი გააჩნია, განსხვავებულია მაყურებლის შეხედულებაც ამა თუ იმ საკითხის გარშემო. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩვეულებრივად შეიძლება აღვიქვათ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში სამაუწყებლო კოდექსის დარღვევად ჩაითვალოს. ამას ახალახანს მომხდარი ფაქტიც ადასტურებს – რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის გამო, ამერიკული ტელეკომპანია CNN-იდან სამი თანამშრომლი (ჟურნალისტი, რედაქტორი და საგამოძიებო ბლოკის უფროსი) დაითხოვეს. ტელეკომპანიის სარედაქციო საბჭოს ინფორმაციით, სტატიაში არასაკმარისი მასალა და ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაცია იყო აღწერილი. საინტერესოა როგორ რეაგირებენ ამგვარ სიტუაციებში საქართველოში… იცავენ თუ არა ქართველი ჟურნალისტები პროფესიულ სტანდარტებს და, პირიქით, ირღვევა თუ არა ჟურნალისტთა უფლებები საქართველოში?! ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, ია ანთაძე ესაუბრა.
საქართველოში ჟურნალისტების უფლებები რამდენად დაცულია? თუ გამოყოფდით რომელიმე მედია სივრცეს, სადაც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა ხშირად ხდება ან გამოვლენილა?
– ბოლო პერიოდში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შემთხვევები იშვიათად ვლინდება. დედაქალაქში მომუშავე ჟურნალისტებმა საკმაოდ კარგად იციან, თუ როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები. რაც შეეხება რეგიონის ჟურნალისტებს, მათ მიმართებაში დარღვევებს, შედარებით, ხშირად შეიძლება წავაწყდეთ. მაგ: როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ბოლომდე არ გასცემს ინფორმაციას, ამის შედეგად ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ბრკოლდებიან.
რაც შეეხება კონკრეტულ მედია სივრცეს, სადაც ჟურნალისტთა უფლებები ხშირად ირღვევა, არ მახსენდება. თუმცა, გავიხსენებ ერთ გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც ლაშა მესხს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა, იგი მიიჩნევდა, რომ ამით მისი უფლებები დაირღვა. რა თქმა უნდა, თუკი მესხი ამ ფაქტს მისი, როგორც ჟურნალისტის, უფლებების დარღვევად აღიქვამდა სასამართლოსთვის უნდა მიემართა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჟურნალისტის უფლებების დარღვევა არ ყოფილა.
ზოგადად, ქართველი ჟურნალისტები მედიასტანდარტებს რამდენად იცავენ? რა საფეხურზეა დღეს ქართული ჟურნალისტიკა?
– როგორც საერთაშორიო კვლევები ცხადყოფს, ქართული ჟურნალისტიკა ნახევრადთავისუფალი მედია სივრცეების რიცხვს მიეკუთვნება. ჩვენ გვაქვს თვითრეგულაციის ორგანო – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელსაც მედიასტანდარტების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია მიმართოს. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ არის რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სტანდარტს იცავენ და არიან ისეთებიც, რომლებიც მედიასტანდარტებს არ აკმაყოფილებენ.
თუმცაღა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან ლიბერალური სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონი გვაქვს მიღებული.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სიუჟეტში/სტატიაში დაშვებული შეცდომების გამო? როგორ უნდა იყოს განაწილებული პასუხისმგებლობა რედაქციის სხვადასხვა რგოლს შორის?
– პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, რედაქციის სხვადასხვა რგოლს შორის უნდა იყოს გადანაწილებული და ეს ასეც ხდება. ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვაში ყველა იერარქიის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
რა რეკომენდაციას მისცემდით მეოთხე ხელისუფლების წამომადგენლებს…
– ნებისმიერი ჟურანლისტისთვის პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. ზოგადი განათლების გარეშე კარგი ჟურნალისტი ვერ იქნები. მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მათ უსმენენ ადამიანები, რომლებმაც კონკრეტულ საკითხზე მათზე მეტი იციან. ამ პასუხისმგებლობას ყველა ჟურნალისტი უნდა აცნობიერებდეს.
ნინო ზარიძე