სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან მათი გათავისუფლების მიზეზი აფგან მუხტარლის საქმე.
“მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთის მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორეს მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე 15 ივნისს სპეციალური რეზოლუცია მიიღო.