ბილიარდი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,billart” ან ,,billete”, რაც ჯოხს ნიშნავს. მე-14 საუკუნიდან მას თამაშობენ უკვე საფრანგეთში. არსებობს რამდენიმე სახეობის ბილიარდი: კლასიკური ბილიარდი, პული, კარამბოლი და სნუკერი. საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად თამაშობდნენ კლასიკურ ბილიარდს, შემდგომ შემოვიდა პულის სახეობა და ცოტა ხნის წინ დაიწყეს სნუკერის განვითარებაც. რამდენად ვითარდება სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში და რა პერსპექტივები გვაქვს, აღნიშნულზე “თბილისი თაიმსს” ბილიარდში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, დავით ავაკიანი ესაუბრა.
როდიდან დაინტერესდით ბილიარდით და რამდენი ხანია, რაც ამ სპორტს მისდევთ? რას გვეტყვით თქვენს მიღწევებზე?
– ბილიარდით დავინტერესდი 11 წლის ასაკში, როცა მამაჩემმა ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე გადაწყვიტა გაეხსნა საბილიარდო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მამაჩემმა გაურკვეველი მიზეზით მაინცდამაინც საბილიარდოს გახსნა გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესში არაფერი გაეგებოდა. საქართველოს ჩემპიონი პირველად 14 წლის გავხდი. და მის მერე 28 პირველი ადგილი მოვიპოვე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბილიარდის ტურნირებზე ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. ასევე რამდენჯერმე თავი საერთაშორისო ასპარეზზეც გამოვცადე, მაგრამ პირველი ადგილი არ მომიპოვებია.
ბილიარდის თამაში თქვენი გატაცებაა თუ პროფესიად თვლით?
– დიდი სიამოვნებით დავარქმევდი პროფესიას, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ბილიარდის განუვითარებლობის გამო, იგი წლების მანძილზე უბრალო გატაცებად რჩებოდა, რადგან არ შემეძლო იმდენი დრო დამეთმო მისთვის რამდენიც მინდოდა. დღეს, როცა ბილიარდი სწრაფად ვითარდება, უკვე შეიძლება ფიქრი იმაზე რომ, ბილიარდს, როგორც პროფესიას ისე მივუდგე, და რაც უფრო მეტად განვითარდება სპორტის ეს სახეობა, მით უფრო მეტი დროის დათმობის საშუალება მექნება.
თქვენი გამოცდილებით, განვითარების რა საფეხურზეა საქართველოში აღნიშნული სპორტი და როგორი მომავალი აქვს?
– ჩემი აზრით, დღესდღეობით საქართველოში ბილიარდის განვითარების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როგორც სახელმწიფოს, ისე სხვა დამოუკიდებელი პირების ძალისხმევით ეს სპორტი საქართველოში დღითიდღე მეტ ყურადღებას იპყრობს, თუმცა მაინც მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ სხვა ქვეყნებს დავეწიოთ ამ საქმეში.
წელს, მაგალითად, თბილისში გაიხსნა საბილიარდო, რომელშიც ევროპის დონის მაგიდები დგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ევროპის ტურნირებზე გასვლისას დახვდებათ ნაცნობი მაგიდები, რაც გაზრდის წარმატების შანსს, აქამდე კი საქართველოდან გასულ მოთამაშეებს ჯერ ახალ/უცხო მაგიდებთან უწევდათ შეჩვევა, და შემდეგ ამ მაგიდებზე სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი წინსვლა კიდევ ბევრი იქნება და საქართველოში ბილიარდი იმ დონეს მიაღწევს, რომ საერთაშორისო ტურნირებსაც კი ჩაატარებს.
სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ექცევა ყურადღება ბილიარდს, ფედერაციის მუშაობაზე რას გვეტყვით?
– თავდაპირველად საკმაოდ პასიური იყო სახელმწიფო, თუმცა წელს უკვე გამოგვიყვეს ბიუჯეტი, რომლის გამოყენებითაც დაგვასპონსორეს ორი სპორტსმენი და გაგვაგზავნეს ავსტრიაში ევრო ტურის სათამაშოდ. ამ ტურნირზე კი მე დავიკავე 161 ადამიანიდან 65 ადგილი, ხოლო ნოდარ ბაქრაძემ 97. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მოთამაშეების 90% პროფესიონალად ითვლება. ამის ფონზე საქართველომ პირველი ჯერისთვის საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.
თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება…
– რა თქმა უნდა, ყველა ჩემი მიღწევა მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებით დიდი იყო ჩემი პირველი მოგება. 14 წლის ასაკში ნახევარფინალში 2– 8 –ს ვაგებდი და 9-8 მოვიგე, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ფინალშიც კარგი თამაში ვაჩვენე. ეს მოგება იმიტომ იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 14 წლის ბავშვისთვის „ანგარიშის წნეხის“ მიუხედავად გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იყო.
ბილიარდის რომელი სახეობაა ჩვენს ქვეყანაში უფრო პოპულარული?
– ბილიარდი ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირიდან არსებობს, მაშინ პოპულარული მხოლოდ კლასიკური ბილიარდი იყო, თუმცა დღეს, ჩემი აზრით, პულის სახეობას უფრო ხშირად ვხვდებით.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?
– მე უკვე 12 წელია ვთამაშობ ბილიარდს და ამის გამო იგი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, თავის დანებებას არ ვაპირებ. მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ დღეს ბილიარდის თამაშით დამაკმაყოფილებელი შემოსავალი ვერ გექნება, რის გამოც შესაბამისად ვიძენ სხვა პროფესიას, ამჟამად ვსწავლობ “თავისუფალ” უნივერსიტეტში. უახლოეს მომავალში მივდივარ ჰოლანდიაში ევროტურზე და მთელი შემართებით ვემზადები ამისთვის.
ეკა წიკლაური
Discussion about this post